საქართველოს მთავრობამ შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობით დადგენილი ზომები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაამკაცროს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელსაც მედიის წარმომადგენლებმა ჰკითხეს, ხომ არ იგეგმება საგანგებო მდგომარეობით დადგენილი წესების გამკაცრება ლენტეხში.
პრემიერის თქმით, მთავრობა ელოდება ტესტების შედეგებს ლენტეხიდან. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში რეგიონული კლასტერების რაოდენობა იზრდება.
„ჩვენ ველოდებით ჯერ საბოლოოდ ტესტირებების შედეგებს ლენტეხის კლასტერიდან. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, ქვეყანაში უკვე უნდა შევამჩნიოთ, რომ რეგიონული კლასტერების რაოდენობა იზრდება და ეს გასათვალსწინებელია. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ შეიძლება, ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით გამკაცრების თაობაზე და არა ცალკეული რეგიონების ნაწილში, რადგან ქობულეთში არის საკმაოდ სერიოზული კლასტერი, სერიოზული კლასტერია მარნეული-ბოლნისი, ახლა გაჩნდა ლენტეხი, სამეგრელოში არის ასევე რამდენიმე შემთხვევა, ბათუმში არის. ვნახოთ, რა შედეგი გვექნება დღის ბოლოსთვის“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ.
ქუთაისის ლაბორატორიაში გუშინ 45 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და აქედან სამმა დადებითი პასუხი აჩვენა. ერთი შემთხვევა ლენტეხის მუნიციპალიტეტში დადასტურდა. 50 წლამდე მამაკაცის კონტაქტებს ეპიდემიოლოგები სწავლობენ.
ლენტეხში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის დაფიქსირების გამო, ცაგერის საკრებულოს შენობაში საგანგებო სხდომა გაიმართა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 209 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 214 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 50 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.