ცქიტიშვილი: ADB-ისა და EBRD-ის პრეზიდენტენთან ის შესაძლო დახმარება განვიხილეთ, რომელსაც ისინი საქართველოს ამ გლობალური პანდემიის გამოწვევებიდან გამომდინარე გამოუყოფენ

1210

წინა სტატია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი პოსტკრიზისულ პერიოდში კერძო სექტორის დასახმარებლად საქართველოს ახალ ფინანსურ რესურსს გამოუყოფს.

ამის შესახებ ცქიტიშვილმა აღნიშნული საფინანსო ორგანიზაციების პრეზიდენტებთან ვიდეოკონფერენციით საუბრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, საუბრისას ის შესაძლო დახმარება განიხილეს, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს პანდემიის გამო გაუწევს.

„მოგეხსენებათ ძალიან ძლიერი და სერიოზული პარტნიორები არიან საქართველოსი აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. ორივე ამ საფინანსო ინსტიტუციის მიერ საქართველოში დაფინანსებულია ასეულობით მილიონობით დოლარის ინვესტიცია. ყველა ის დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც არის დაფინანსებული აღნიშნული ორგანიზაციების მიერ, მიუხედავად არსებული კრიზისისა დღესაც ფუნქციონირებს და აქტიურ ფაზაშია.

თუმცა ჩვენ პრემიერ-მინისტრთან და ფინანსთა მინისტრთან ერთად გვქონდა საშუალება გავსაუბრებოდით აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს, სადაც იქნა განხილული ის შესაძლო დახმარება და შესაძლო ახალი საფინანსო რესურსი, რომელსაც ორივე ეს ორგანიზაცია გამოუყოფს საქართველოს ამ გლობალური პანდემიის გამოწვევებიდან გამომდინარე.

ორივე შემთხვევაში ვსაურობთ იმ დახმარებაზე, რომელიც გაწეული იქნება კერძო სექტორზე, ქართულ ბანკებზე, ასევე კერძო ბიზნესისთვის. ორივე ორგანიზაცია ეხმარება მათაც ამ რთულ პერიოდში, თუმცა ამავე დროს, ჩვენი საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი შეეხო პოსტკრიზისულ ზომებს, იმ დახმარებას, რომელსაც ორივე საფინანსო ინსტიტუციიდან უნდა ველოდოთ იმისთვის, რომ შემდგომში დავეხმაროთ როგორც სახელმწიფო დაფინანსების თვალსაზრისით, რასაც ისედაც ვაკეთებთ კერძო ბიზნესისთვის, ასევე კერძო დაფინანსების თვალსაზრისით“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 209 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 214 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 50 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.