კალაძე: თბილისის მეტროს განახლების პროექტისთვის ხელშეკრულება კომპანია „მეტროვაგონმაშთან“ არ გაფორმდება

265

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მეტროს განახლების პროექტისთვის კომპანია “მეტროვაგონმაშთან” ხელშეკრულება არ გაფორმდება, ვინაიდან არსებობს ვარაუდი და საშიშროება იმისა, რომ არსებული კომპანია შეიძლება სანქციების ქვეშ მოჰყვეს.

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს თბილისის მეტროს განახლების პროექტზე საუბრისას განუცხადა.

„ხელშეკრულება ამ კონკრეტულ კომპანიასთან არ გაფორმდება. ალტერნატიულ გეგმას რაც შეეხება, ვმუშაობთ EBRD-სთან და რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს საზოგადოებისთვის ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება“, – განაცხადა კალაძემ.

როგორც მან აღნიშნა, აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაუქმება EBRD-ისა და მუნიციპალიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებაა, რომელიც გასულ კვირას მიიღეს.

„ვაგონებთან დაკავშირებით მოლაპარაკება რამდენიმე კომპანიასთან მიმდინარეობს. მასში ჩართულია ასევე „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“, – აცხადებს კალაძე.

მერმა ასევე ისაუბრა „გოცირიძის“ მეტროსადგურში სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ექსპლუატაციაში შესვლის ვადა ძალიან მალე, მომდევნო დღეებში დასახელდება.

„ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები მიმდინარეობს და ასევე ის პროცედურები, რაც არის შესასწორებელი. ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ აღნიშნული სადგური საზოგადოებას ჩვეულებრივად მოემსახურება“, – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება მელიქიშვილის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას, როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, სამუშოები ნოემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, პროექტი მთლიანად 4 დეკემბერს დასრულდება. ასევე, დედაქალაქის მერის განმარტებით, მომავალ წელის დასაწყისში გაიხსნება მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ესტაკადა.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან სატრანსპორტო პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, ქალაქში არსებული სატრანსპორტო პოლიტიკა სწორი პოლიტიკაა.

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. მთლიანად ჩანაცვლდა ყვითელი დამპალი, გაუბედურებული მიკროავტობუსები და ავტობუსები ახალი, თანამედროვე ევროპული ავტობუსებით. თუმცა, ესეც არ არის საკმარისი. მომავალ წელს დაგეგმილი გვაქვს 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსების შეძენა და პარალელურად ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იმისათვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამ ქალაქში პრობლემისა და დაბრკოლებების გარეშე გადაადგილდებოდეს და, რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომობა უნდა გაიზარდოს. ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, რასაც გარკვეული წლები დასჭირდება იმისათვის,რომ ქალაქის მასშტაბით დაინერგოს ანალოგიური მიდგომა“, – განაცხადა კალაძემ.