სუბარი: ვანთან დაკავშირებით ისეთი მკაცრი შეზღუდვა არ არის, როგორც დავაწესეთ ბოლნისსა და მარნეულში, თუმცა, მასთან მიახლოებულია

911

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ვანთან დაკავშირებით არ არის ისეთი მკაცრი შეზღუდვა, როგორც თავდაპირველად დავაწესეთ ბოლნისსა და მარნეულში, თუმცა მასთან მიახლოებულია, – ამის შესახებ რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

„ვანთან დაკავშირებით პირველივე წუთიდან ცხადი იყო, რომ ეს კლასტერი შეიძლებოდა, საკმაოდ ფართო ყოფილიყო. თუმცა, არ ვიცოდით, რამდენად ფართო შეიძლებოდა, ყოფილიყო და ზომები ამიტომაც იქნა მიღებული. ორი გამშვები პუნქტი უკვე მოწყობილია. ხვალ კიდევ ორი მოეწყობა და ვანში ყველა შესასვლელი აუცილებელ შემოწმებას დაემორჩილება. ეს არის თერმოსკრინინგი. ეს არ არის ისეთი მკაცრი შეზღუდვა, როგორც თავდაპირველად დავაწესეთ ბოლნისსა და მარნეულში. თუმცა, მასთან მიახლოებულია“, – ასე უპასუხა სოზარ სუბარმა ვანის მუნიციპალიტეტში ზომების გაკაცრებისა და საკონტროლო გამშვები პუნქტის მოწყობაზე დასმულ შეკითხვას.

მისი თქმით, უკვე ამ წუთებისთვის, ვანის რაიონში ეს აღარ არის მხოლოდ ერთი შემთხვევა.

„უკვე შესწავლილია ძალიან ბევრი კონტაქტი, რომელიც დაინფიცირებულ ქალბატონს ჰქონდა. საბედნიეროდ, უმრავლესობა უარყოფითი აღმოჩნდა. თუმცა, არის ორი დადებითი, დადასტურებული შემთხვევა. თუ ორზე გაჩერდა, რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგი იქნება. თუმცა, მაინც უნდა გავფრთხილდეთ და ყველა შესაძლო ვარიანტი უნდა გადავამოწმოთ, რომ ვირუსის გავრცელება უფრო შორს არ გაგვექცეს“, – განაცხადა სუბარმა.

უნდა ველოდოთ თუ არა ვანში ზომების კიდევ უფრო გამკაცრებას და რაიონის საერთოდ ჩაკეტვას, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ვითარების შესაბამისად მიიღება.

„ერთ-ორ დღეში გამოჩნდება, რა ვითარება იქნება. ფაქტი ერთია, რომ ეს ორი შემთხვევა ისეთი შემთხვევაა, რომელიც მართლაც მოსალოდნელი იყო. დღის პირველ ნახევარში უფრო მეტი მოსალოდნელობა იყო, მაგრამ მადლობა ღმერთს, გადავრჩით და დაავადება იმ მასშტაბით არ აღმოჩნდა, როგორც შეიძლებოდა, ყოფილიყო. ასე რომ, შესაძლებელია, უფრო მეტი გამკაცრება არ იყოს აუცილებელი“, – განაცხადა სუბარმა.

ამასთან, სუბარი ამბობს, რომ ბოლნისსა და მარნეულში საკარანტინო შეზღუდვების მოხსნაზე ჯერ საუბარი არ არის, მაგრამ ნელ-ნელა იწყება გარკვეული ეკონომიკური საქმიანობები.

„ჯერ ადრეა სურათის შეცვლაზე ლაპარაკი. თუმცა, ჩვენ ყოველთვის ადეკვატური ვიქნებით; მოვიქცევით ისე, როგორც სიტუაცია გვიკარნახებს და, როგორც ჩვენი ეპიდემიოლოგები გვირჩევენ. რაც შეეხება იქ ჩარჩენილი ადამიანების გამოყვანას, ასეთი დაახლოებით, 200 ადამიანია. ნაწილმა შეიძლება, არც მოისურვოს გამოსვლა, რადგან შეიძლება, ორკვირიან კარანტინს მოერიდონ, მაგრამ უმრავლესობა უკვე გამოდის და ისინი თავიანთ სახლებში ორკვირიანი კარანტინის გავლის შემდეგ დაბრუნდებიან“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცნობისათვის, გუშინ ვანის მუნიციპალიტეტში კორინავირუსის სამი შემთხვევა დადასტურდა, მათ შორისაა 75 წლის ქალი, მისი მეუღლე და სიძე. მიმდინარეობს კონტაქტების შესწავლა. სწორედ ამ შემთხვევის გამო, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში კონტროლის გამკაცრების მიზნით ქალაქ ვანის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 209 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 214 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 50 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.