ვანის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი დაიწყო

667

წინა სტატია

ვანის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი დაიწყო. შემოწმებას ვანში მცხოვრები დაახლოებით 30 000 მოქალაქე გაივლის. მოქალაქეთა თერმოსკრინინგს 22 ჯგუფი უზრუნველყოფს, 3 ქალაქ ვანში და 19 მუნიციპალიტეტის სოფლებში. ვანის ორ სოფელში, ზეინდარსა და მთისძირში მოწყობილ საკონტროლო პუნქტებთან მუნიციპალიტეტში შემსვლელი და მუნიციპალიტეტიდან გამომსვლელი ყველა პირი მოწმდება.

თვითიზოლაციაში იმყოფება ვანში დაინფიცირებული 75 წლის ქალის 30-მდე კონტაქტი. მას შემდეგ, რაც დაინფიცირებული ქალის მეუღლეს გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა, მის კონტაქტებს სწრაფი ტესტებით გამოიკვლევენ.

ვანის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, გიგა ბუაძის თქმით, ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია მოხერხდეს ინფიცირების პირველწყაროს დადგენა. ეს კი მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც დაინფიცირებული ქალბატონის შვილს ანტისხეულებზე ტესტი ჩაუტარდება.

ვანის მერის, ალექსანდრე გოგორიშვილის თქმით, მოსახლეობას ვანში პანიკის საფუძველი არ აქვს. მერი ამბობს, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი კეთდება, რათა ვანში ვირუსი არ გავრცელდეს.

ცნობისათვის, გუშინ ვანის მუნიციპალიტეტში კორინავირუსის სამი შემთხვევა დადასტურდა, მათ შორისაა 75 წლის ქალი, მისი მეუღლე და სიძე. მიმდინარეობს კონტაქტების შესწავლა. სწორედ ამ შემთხვევის გამო, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში კონტროლის გამკაცრების მიზნით ქალაქ ვანის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 209 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 214 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 50 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.