ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020 წლის 8 აპრილის რიგგარეშე სხდომაზე ფოთის მუნიციპალიტეტის საგანგებო ბიუჯეტი დაამტკიცა.
„ფოთის საკრებულომ დღეს ერთხმად დაამტკიცა საგანგებო ბიუჯეტი, რომლის მიხედვითაც, მცირდება ხარჯები ყველა იმ მიმართულებით, რაც მოცემულ ვითარებაში არ არის პრიორიტეტული. ეს არის სპორტული და კულტურული ღონისძიებები, ასევე საკრებულოს ხარჯების შემცირება.
მთლიანობაში ნახევარ მილიონზე მეტი ლარი, რომელიც მიმართული იქნება სხვადასხვა სოციალურ საკითხებზე, რომლის წინაშეც ჩვენ მომავალი თვეების განვალობაში შეიძლება დავდგეთ. ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართული იქნება პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად და ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ამ დრომდეც ახორციელებდა არაერთ სოციალურ პროგრამას, რაშიც მაჟორიტარი დეპუტატის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გვაქვს და მომავალშიც, სააღდგომოდ ვგეგმავთ სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს დავეხმაროთ ერთობლივად“, – განაცხადა ფოთის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურიის კომისიის თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძემ.
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და საკრებულოს უმრავლესობის წევრები ყოველთვიური ანაზღაურების მესამედს Covid 19-თან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ.
აღნიშნულ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 208 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 38 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.