ონის მუნიციპალიტეტის მერის, ემზარ საბანაძის თანამდებობაზე დაბრუნების მოთხოვნით პეტიცია შეიმუშავეს. პეტიციის ავტორი ანა ბაქრაძეა და მან ის გუშინ პორტალზე manifest.ge გაავრცელა.
“მოსახლეობის დიდი სურვილით, ვქმნით პეტიციას მოთხოვნით: დაბრუნდეს ემზარ საბანაძე ონის მერად! ჩვენ გვიყვარს ონი!!!” – წერია პეტიციაში, რომელსაც ამ დროისთვის 1021 ადამიანი აწერს ხელს.
საბანაძემ თანამდებობა 5 აპრილს დატოვა. მისი გადადგომა საკრებულომ ცნობად უკვე მიიღო და კანონმდებლობის თანახმად, უფლებამოსილება შეუწყდა. მასთან ერთად, თანამდებობა, ასევე, დატოვა მისმა მოადგილემ, დიმიტრი საყვარელიძემ.
ემზარ საბანაძე ონის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობას 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ იკავებდა.
ჯერჯერობით, არ არის ცნობილი, რა გახდა საბანაძის და მისი მოადგილის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ თანამდებობები, ასევე, დატოვეს თერჯოლის მერმა და მისმა მოადგილემაც.