ონის მერს დეკლარაციები მერის მოადგილეობისა და სუს-ში მუშაობის დროს არ შეუვსია

656

წინა სტატია

ავტორი: ეკატერინე ბასილაია

სერგო ხიდეშელი “ქართული ოცნებიდან” ონის მუნიციპალიტეტის მერი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. მისი ბიოგრაფიის თანახმად, დიხეშელი წლების განმავლობაში ჯერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) მაღალჩინოსანი იყო, შემდეგ, 2021 წლის ივნისიდან – ონის მერის პირველი მოადგილე, თუმცა, ქონებრივი დეკლარაცია პირველად მხოლოდ ონის მერის თანამდებობაზე არჩევიდან 5 თვის შემდეგ, 2022 წლის აპრილში აქვს შევსებული. საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე მისი სახელით სხვა დეკლარაცია არ იძებნება და გაურკვეველია, რატომ არ ეკუთვნოდა სუს-ის მაღალჩინოსანს დეკლარაციების შევსება.

ონის მერი 36 წლისაა. ის თბილისშია დაბადებული. ოჯახის წევრებად მითითებული ჰყავს: დედა, და, მეუღლე და ერთი არასრულწლოვანი შვილი. ოჯახი ფლობს 9 უძრავ ქონებას. მათ შორის, დედის სახელზეა გაფორმებული 7 უძრავი ქონება, ხოლო ონის მერის სახელზე – 2.

ონის მერს 2019 წელს 35 000 აშშ დოლარად უყიდია 64,9 კვ.მ საცხოვრებელი სახლი თბილისში, კრწანისის II  შესახვევში, რომელსაც 100%-იანი წილით ფლობს; 2021 წელს 75 000 აშშ დოლარად უყიდია 175,8 კვ.მ საცხოვრებელი სახლი თბილისში, სოფელ დიღომში, რომლის 50%-იან წილს ფლობს თავად, ხოლო მეორე 50%-ის მფლობელი არის მეუღლე, ნინო ჭიკაიძე;

დედა, ეთერ ხიდეშელი, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდეშლებში 100%-იანი წილით ორი მიწის ნაკვეთს ფლობს. 2 421 კვ.მ მიწის ნაკვეთი მემკვიდრეობით 2018 წელს მიუღია, ხოლო 6 044 კვ.მ მიწის ნაკვეთი მიუღია 2020 წელს; გარდა ამისა, დედა თბილისში, ინგოროყვას N6-ში, ფლობს ასევე მემკვიდრეობით მიღებულ 5 უძრავ ქონებას: 2011 წელს მიუღია 45,86 კვ.მ და 0,54 კვ.მ კვ.მ საცხოვრებელი სახლები; 2,14 კვ.მ და 10,7 კვ.მ სარდაფები; ყველა ამ ქონებას 100-იანი წილით ფლობს. დედა ინგოროყვას ქუჩაზე 50%-იანი წილით ასევე ფლობს 26,28 კვ.მ ნახევარსარდაფს, რომელიც მემკვიდრეობით მიუღია 2015 წელს და მეორე 50%-იანი წილის მფლობელი არის ვიოლეტა კაშია.

ონის მერს მოძრავი ქონება არ აქვს. ავტომანქანა ჰყავს მეუღლეს და წერია, რომ ნინო ჭიკაიძემ 2018 წელს 5 000 აშშ დოლარად ჯიპი იყიდი.

დეკლარაციის შევსების დღეს სერგო ხიდეშელს “თი-ბი-სი ბანკის” სახელფასო ანგარიშზე 43,84 ლარი ჰქონდა, ამავე ბანკის საკრედიტო ანგარიშზე კი – 294 820,1 ლარის დავალიანება. მეუღლეს, ნინო ჭიკაიძეს “თი–ბი–სი ბანკი” სახელფასო ანგარიშზე 1531,57 ლარი ედო.

დეკლარაციას თუ დავუჯერებთ, ონის მერს სესხი არ აუღია. მიუხედავად იმისა, რომ ხიდეშელს  “თი-ბი-სი ბანკში” საკმაოდ შთამბეჭდავი საკრედიტო დავალიანება აქვს, გრაფაში, სადაც სესხის აღების შესახებ ინფორმაცია უნდა ეწეროს, ფურცელი საერთოდ ცარიელია და გაურკვეველია, რატომ არ ჩათვალა საჭიროდ ხიდეშელმა, ეს გრაფა შეევსო. დეკლარაციაში კიდევ რა აქვს გამორჩენილ-გამოტოვებული ონის მერს, გაურკვეველია.

დეკლარაციის თანახმად, ონის მერი არ ფლობს ფასიან ქაღალდებს, არ მიუღია იმ ფასის საჩუქარი, რაც დეკლარაციაში უნდა ჩაწერილიყო. ასევე, არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. 2006 წლიდან 2022 წლის თებერვლამდე ინდმეწარმე ყოფილა და, მაგდა ხიდეშელი, რომელსაც გასულ წელს მეწარმეობიდან შემოსავალი არ მიუღია.

ონის მერს, საჯარო სამსახურიდან მიღებული შემოსავლის გარდა, სხვა შემოსავალი არ აქვს. საჯარო სამსახურიდან მიღებული შემოსავალი ასე გამოიყურება:

სერგო ხიდეშელი ონის მუნიციპალიტეტის მერად 2021 წლის ოქტომბერში აირჩიეს და 2021 წელს ნოემბერ-დეკემბერში მას მერის თანამდებობიდან 4 580,79 ლარის შემოსავალი მიუღია; მანამდე, ხიდეშელი მერის პირველი მოადგილე იყო და 2021 წლის თებერვალ-ოქტომბერში 4 040,1 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული;

ონის მუნიციპალიტეტში მაღალ თანამდებობაზე დანიშვნამდე სერგო ხიდეშელი წლების განმავლობაში, თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა.

2018 წლიდან 2021 წლის თებერვლამდე ის თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსია და 2021 წლის იანვარში 4 746,53 ლარის ხელფასი აქვს მიღებული; თებერვლიდან თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეა და 2021 წლის თებერვალ-მაისში 13 915,38 ლარის ხელფასი მიუღია.

რაც შეეხება მეუღლეს, ნინო ჭიკაიძეს, ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობს. 2021 წლის იანვარ-თებერვალში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ქალაქის სამმართველოს საორგანიზაციო ანალიტიკური სამმართველოს თანამშრომელია და ხელფასის სახით 3 785 ლარი მიუღია. 2021 წლის თებერვლიდან წლის ბოლომდე სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის III მთავარი სამმართველოს თანამშრომელია და 19 511,96 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.