ავტორი: ეკატერინე ბასილაია
ბაჩანა მარკოიშვილი “ქართული ოცნებიდან” ონის საკრებულოს თავმჯდომარე 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. თავმჯდომარის პოსტზე არჩევამდე, ის, წლების განმავლობაში, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. შესაბამისად, ქონებრივი დეკლარაციაც, 2017 წლიდან, ყოველ წელს, ჯამში 5-ჯერ აქვს შევსებული.
ამ დროისთვის ბოლო დეკლარაცია 2021 წლის ივნისში შეუვსია, როცა ჯერ ისევ მოადგილის თანამდებობას იკავებდა. საკრებულოს თავმჯდომარე 32 წლისაა, დაბადებულია რუსთავში, ოჯახის წევრად მითითებული ჰყავს მეუღლე.
ბაჩანა მარკოიშვილს და მის მეუღლეს არ ჰყავთ ავტომანქანა, არ არიან ჩართულები სამეწარმეო საქმიანობაში, არ ფლობენ ფასიან ქაღალდებს და არ მიუღიათ იმ ფასის საჩუქარი, რაც დეკლარაციაში უნდა ჩაწერილიყო. შეიძლება ითქვას, რომ ონის საკრებულოს თავმჯდომარის დეკლარაციის ფურცლები ცარიელია.
ოჯახი ფლობს ორ უძრავ ქონებას ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში, რომელიც ბაჩანა მარკოიშვილს მემკვიდრეობით აქვს მიღებული.
მარკოიშვილს სოფელ ღარში 2018 წელს მემკვიდრეობით მიუღია 1360 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელზეც ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დგას, საერთო ფართით 287.4 კვ.მ. ამ ორსართულიანი შენობის I სართული 147.5 კვ.მ.-ია, ხოლო II სართული – 139.9 კვ.მ.; ამავე წელს სოფელ ღარში მიუღია 920 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ნაკვეთზე სამი შენობა-ნაგებობა დგას. ამ შენობების ფართობი აღნიშნული არ არის.
ბაჩანა მარკოიშვილს მხოლოდ საჯარო სამსახურიდან მიღებული შემოსავლი აქვს. მას ონის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან 2020 წელს 16 401,6 ლარის შემოსავალი მიუღია. რაც შეეხება მეუღლეს, სოფიო მაისურაძეს, რომელიც ონის მერიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ხელშეკრულებით დასაქმებული პირია, 2020 წელს 6 240 ლარის შემოსავალი მიუღია, ხოლო ა(ა)იპ “ონის სამხატვრო სკოლის” ანიმაციის პედაგოგის პოზიციიდან – 1176 ლარის შემოსავალი.
დეკლარაციის შევსების დღეს საკრებულოს თავმჯდომარეს “საქართველოს ბანკის” სახელფასო ანგარიშზე 643,08 ლარის დავალიანება აქვს; მეუღლეს, სოფიო მაისურაძეს, ამავე ბანკის სახელფასო ანგარიშზე 1,71 ლარი ედო, ხოლო საკრედიტო ანგარიშზე 36,4 ლარის დავალიანება ჰქონდა.
ბოლო დეკლარაციაში, სესხის გამოტანის შესახებ არსებულ გრაფაში მეუღლის სახელზე სესხი არ ფიქსირდება. ამ სესხის შესახებ 2018 წლის დეკლარაციით ვიგებთ. სოფიო მაისურაძეს 2017 წელს 3 200 ლარის სამომხმარებლო სესხი გამოუტანია, რომელიც 2020 წლის მაისში უნდა დაეფარა. რადგან დეკლარაცია ივნისშია შევსებული, გამოდის, ვალის გადახდის ვადა უკვე ამოწურულია.
„საქართველოს ბანკიდან“ სამომხმარებლო და იპოთეკური სესხი გამოტანილი აქვს ბაჩანა მარკოიშვილსაც. მას 2018 წელს 25 000 ლარის იპოთეკური სესხი გამოუტანია, რომელიც 2028 წელს უნდა დაფაროს და ამ სესხისთვის გასულ წელს 5 058,48 ლარი გადაუხდია. 2019 წელს კი 5 515 ლარის სამომხმარებლო სესხი აქვს გამოტანილი, რომელიც 2024 წლისთვის უნდა დაფაროს და ამ სესხში გასულ წელს 2 164,44 ლარი გადაუხდია.
ბაჩანა მარკოიშვილს პირველი დეკლარაცია 2017 წელს აქვს შევსებული, როცა ის ონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსად დაინიშნა.
2017-2018 წლების დეკლარაციებში ოჯახის წევრებად, მეუღლესთან ერთად, მითითებულია დეიდაც. ამავე წლების დეკლარაციებში მარკოიშვილის ოჯახი მხოლოდ ერთ უძრავ ქონებას ფლობდა და ის 100%-იანი წილით დეიდის, ჯულიეტა სვანის სახელზე იყო გაფორმებული, მას 2003 წელს 10 000 აშშ დოლარად უყიდია 100 კვ.მ ბინა თბილისში, დიდ დიღომში. 2019 წლიდან დეიდა ოჯახის წევრად მითითებული აღარ არის, შესაბამისად, დეკლარაციებში დეიდის ბინა აღნიშნული არ არის.
ამ დროიდან დეკლარაციებში ჩნდება ონის საკრებულოს თავმჯდომარის მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონებები, რომელიც 2018 წელს მიუღია და ის არც ბოლო დეკლარაციაშია შეცვლილი. უბრალოდ, 2019-2020 წლის დეკლარაციებში ბაჩანა მარკოიშვილს ორი მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი ცალ-ცალკე ჩაუწერია, ბოლო დეკლარაციაში კი საცხოვრებელი სახლი უკვე 1360 კვ.მ მიწის ნაკვეთთან ერთად აქვს ჩაწერილი.
რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარის შემოსავლებს. 2017 წლის დეკლარაციაში ხელფასის გრაფა ცარიელია და გაურკვეველია, სამწევრიანი ოჯახი შემოსავლის გარეშე როგორ არსებობდა.
უკვე 2018 წლიდან კი ბაჩანა მარკოიშვილისა და მისი მეუღლის შემოსავლები ყოველწლიურადაა აღნიშნული.
მარკოიშვილს 2017 წლის თებერვალ-ოქტომბერში ონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის თანამდებობიდან 8 916 ლარის შემოსავალი მიუღია.
2017 წლის ნოემბრიდან ის ონის საკრებულო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გახდა და ნოემბერ-დეკემბერში 1 813 ლარის შემოსავალი მიუღია. 2017-2020 წლებში მას 50 614 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული: 2017 წელს – 1 813 წელი; 2018 წელს – 16 200 ლარი; 2019 წელს – 16 200 ლარი; 2020 წელს – 16 401,6 ლარი.
ამ წლების განმავლობაში მეუღლე, სოფიო მაისურაძე საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხების განყოფილებაში მუშაობს და 2018-2020 წლებში მას ჯამში 16 292 ლარი მიუღია: 2018 წელს – 5 026 ლარი; 2019 წელს – 5 026 ლარი; 2020 წელს – 6 240 ლარი.