მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში შეჭირვებული ოჯახებისთვის პურს უფასოდ არიგებენ. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
დღეში 125 პური შეჭირვებული ოჯახებისათვის ცხვება და თითო ოჯახზე 4 ცალი გაიცემა. მსგავსი აქცია, სავარაუდოდ, 1 თვე გაგრძელდება.
„სოფელში გაჭირვებული და მოხუცი ხალხი ცხოვრობს ამიტომ გადავწყვიტე რომ რაღაცით დავეხმარო მათ ამ რთულ პერიოდში,“- ამბობს მირზა ჩხიტუნიძე, რომელმაც სოფელში არსებული პურის საცხობი ფქვილით მოამარაგა.
მირზა ჩხიტუნიძე კარანტინის რეჟიმამდეც ეხმარებოდა თანასოფლელებს და მათ კომუნალურების თანხას უხდიდა.
„27 მარტს დამირეკა მირზა ჩხიტუნიძემ და მითხრა, რომ ფულს გადმოგირიცხავო. ჯერ 10 დღის ფული გადმოგვირიცხა. გვინდა მადლობა გადავუხადოთ გვერდში დგომისთვის“. -ამბობს წერეთლის ერთ-ერთი პურის საცხობის მეპატრონე.
მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო მაშინ ვერ დადგინდა.
გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი გზები.
ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის, რეგიონების აგრარული ბაზრები ეტაპობრივად იხურება.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 188 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 36 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.