საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ქალაქ მარნეულში არსებულ საველე ჰოსპიტალს დეზინფექცია ჩაუტარა და მისი დემონტაჟი განახორციელა.
გამომდინარე იქიდან, რომ მარნეულში არსებულ სამედიცინო ცენტრ „ჯეო ჰოსპიტალში“ კარანტინის რეჟიმი მოხსნილია და კლინიკა საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში პაციენტების მიმღები მთავარი დაწესებულება იქნება, მარნეულში 100 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას წყვეტს.
საველე ჰოსპიტალი ქალაქ მარნეულში მიმდინარე წლის 23 მარტს, საკარანტინო ზონის გამოცხადებასთან დაკავშირებით გაიხსნა. გახსნიდან დღემდე ჰოსპიტალში შემოწმება 200-მდე პაციენტმა გაიარა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 148 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 27 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 5392, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 319 მოქალაქე იმყოფება.