ცქიტიშვილი: რამდენ ადამიანს დავეხმარებით, იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენი დაკარგავს სამსახურს

842

რა რაოდენობის ადამიანებს დავეხმარებით, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენი ადამიანი დაკარგავს სამსახურს, ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,

„ამაზე პასუხი დღეს ვერ გვექნება. ამიტომაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ნებისმიერი დაპირება – დავეხმარებით ამდენათას ადამიანს, ამდენი ლარით, ან ამდენი თვის განმავლობაში, იქნება საფუძველს მოკლებული.

ჩვენ შევძლებთ კონკრეტული ციფრების დასახელებას, კონკრეტული თანხების შეთავაზებას მხოლოდ მას შემდეგ, რაც თუნდაც აპრილში შევძლებთ შევაფასოთ, რამდენმა ადამიანმა აღარ აიღო ხელფასი მარტში.

პირველ რიგში ვსაუბროთ უხელფასოდ დარჩენილი ადამიანების დახმარებაზე. ვიმედოვნებთ, რომ იმ დახმარებების პაკეტით, რომელიც შევთავაზეთ, ბიზნესი შეინარჩუნებს სამუშაო ადგილებს და არ გვეყოლება ბევრი ადამიანი, რომელიც დაკარგავს სამსახურს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მან თვითდასაქმებულებზეც ისაუბრა და უკვე გაწეულ დახმარებაზეც გაამახვილა ყურადღება, ამის მაგალითად მან მოიყვანა როგორც კომუნალურ გადასახადებზე შეღავათები, ასევე – საბანკო შეღავათები.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო.

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მოხდება იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვინც კორონავირუსის გამო სამსახური დაკარგა. როგორც პრემიერმინისტრმა აღნიშნა, იდენტიფიცირების შემდეგ მთავრობა მათ დაეხმარება.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 148 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 27 უკვე გამოჯანმრთელდა.