სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები აგრარული ბაზრების მონიტორინგს ახორციელებენ. უწყების ინფორმციით, შემოწმება ყველა რეგიონისა და დედაქალაქის ბაზრებში ყოველდღიურად მიმდინარეობს.
სააგენტოს სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და აქტიური კონტროლის შედეგად, დღეის მდგომარეობით, აგრარულ ბაზრებში ვითარება მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, მათ შორის, რეგიონებში სურსათის ეროვნული სააგენტო კოორდინირებულად მუშაობს ადგილობრივ თვითმმართველობებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან.
მონიტორინგის პარალელურად, სააგენტოს სპეციალისტები ბაზრების ადმინისტრაციას ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით დადგენილ რეკომენდაციებს აცნობენ. ამასთან, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში მოწმდება სურსათის შენახვის, განთავსებისა და რეალიზაციის პირობები, ტემპერატურული რეჟიმი და სურსათის ეტიკეტირება.
სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, მაქსიმალურად დაიცვან რეკომენდაციები და კანონმდებლობით გათვალისწინებული სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.
სურსათის ეროვნული სააგენტო მონიტორინგის ამსახველ ფოტომასალას facebook-ზე ავრცელებს.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა.
31 მარტიდან პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთის და გორის, თელავისა და ახალციხის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
პირს, რომელიც დაარღვევს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს 3 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრება, ხოლო იურიდიულ პირს 15 000 ლარი.
ამოქმედდა ცხელი ხაზი – 144, სადაც მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე უპასუხებენ.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 130 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 26 უკვე გამოჯანმრთელდა.