ბორჯომელი მოსწავლეები ლატვიაში ახალგაზრდულ ბანაკში გაემგზავრნენ

1062

დღეს ბორჯომელი მოსწავლეები ლატვიის ქალაქ მადონას საერთაშორისო ახალგაზრდულ ბანაკში გაემგზავრნენ.

პროექტი დამეგობრებული ქალაქების ბორჯომისა და მადონას მუნიციპალიტეტების ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება.

ბანაკში 22 მოსწავლე 5 მასწავლებელთან ერთად 1 კვირას გაატარებს.  გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განმარტებით, ბორჯომისა და მადონას მუნიციპალიტეტებს რამდენიმე წლიანი ნაყოფიერი ურთიერთობა აკავშირებთ და ინიციატივაც ამ ორმხრივი თანამშრომლობის შედეგია.  

„მოსწავლეები ყველა საჯარო სკოლიდან მაღალი აკადემიური მოსწრების მიხედვით შეირჩნენ. ვფიქრობთ, ეს იქნება კარგი საჩუქარი ახალგაზრდების წასახალისებლად. მათ საშუალება ეძლევათ საზაფხულო ბანაკში არდადეგები შინაარსიანად გაატარონ. ისინი გაიცნობენ და დაუმეგობრდებიან უცხოელ თანატოლებს და გაუზიარებენ ერთმანეთს საკუთარი ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს“- აღნიშნა გამგებელმა.  

მადონას საერთაშორისო ახალგაზრდულ ბანაკში ქართველი ახალგაზრდები ლატვიელ, ფრანგ და გერმანელ მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ღონისძიებაში, მოინახულებენ ნაკრძალებს, ღირშესანიშნაობებს, დაათვალიერებენ საწარმოებს, ეწვევიან ქალაქებს იურმალასა და რიგას. მონაწილეებს ელით ემოციებით დატვირთული სათავგადასავლო პროგრამა.    

ბორჯომი და მადონა დამეგობრებული ქალაქების სტატუსს 2013 წლის 25 აგვისტოდან ატარებენ. ამ ხნის განმავლობაში ორ ქალაქს შორის მჭირდო ურთიერთობა ჩამოყალიბდა.

მუნიციპალიტეტების ინიციატივით, პერიოდულად ხდება საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში გამოცდილების გაზიარება და ორმხრივი პროექტების განხორციელება.

მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას მუნიციპალიტეტი მომავალშიც გეგმავს.