რეფორმა, მუნიციპალიტეტები და ადამიანები – ლატვიის გამოცდილება

678

ნინო სუხიაშვილის ბლოგი

ამ სამყაროში ყველა ადგილს საკუთარი ხიბლი და მიმზიდველობა გააჩნია, მაგრამ არის რამდენიმე ქვეყანა თუ ქალაქი, სადაც წასვლა განსაკუთრებით მიხარია. მათ შორის, ლატვია ერთ-ერთი უპირველესია. ერთხელ, რიგის აეროპორტში თვითმფრინავმა გამასწრო და განსაკუთრებით მაშინ ვიგრძენი, რომ თითქმის სახლში ვიყავი.  დაილოცოს სოციალური ქსელი: წუთში ათამდე შეტყობინება მაინც მივიღე. ჩემს საუკეთესო მეგობრებს აინტერესებდათ: მჭირდებოდა თუ არა დახმარება, გაყოლა, მიყოლა, მქონდა თუ არა თავისუფალი დრო მათთან შესახვედრად და ა ა.შ. თავად განსაჯეთ, როგორ შეიძლება ლატვია არ გიყვარდეს?! ჰოდა, მეც მიყვარს ზაფხულის თეთრი ღამეებით, ზამთრის მოკლე დღეებით, ცივი ზღვით, გამჭვირვალე ჰაერით და ამქვეყნად საუკეთესო ადამიანებით.

პანდემიის შემდეგ ლატვიას კიდევ ერთხელ ვეწვიე ოფიციალური სტუმრის რანგში. პანდემიური წლები ლატვიაში ადმინისტრაციული-ტრიტორიული რეფორმის გატარებას დაემთხვა და არაერთი ჩემი ნაცნობისა თუ უცნობისთვის  ორმაგად დაძაბული, გამოწვევებით სავსე და ცვლილებების მომტანი აღმოჩნდა. მოგეხსენებათ, ცვლილებები ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. რაც მთავარია, ჩვენი მეგობრობა უცვლელი დარჩა.

მეგობრობის უცვლელობა ლატვიის მუნიციპალიტეტებთან პარტნიორობის გასაგრძელებლად ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რადგან ლატვიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმის შედეგად, 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში 119 მუნიციპალიტეტი 42-მდე შემცირდა. ჩვენი, ხაშურის მუნიციპალიტეტის, პარტნიორი და მასპინძელი – ბაუსკას ახლადჩამოყალიბებული მუნიციპალიტეტი (რომელიც ლატვიაში თვითმმართველობის მეორე დონეს წარმოადგენს) უკვე 4 მუნიციპალიტეტს – თავად ბაუსკას, იეკავას, ველკუმნიეკეს და რუნდალს აერთიანებს. გაერთიანებული მინიციპალიტეტის ახალმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ყველა იმ ქალაქთან და მუნიციპალიტეტთან შეინარჩუნოს ურთიერთობა, ვისთანაც ოთხივე მუნიციპალიტეტი დამოუკიდებლად ურთიერთობდა, ამიტომ ოფიციალურ მიღებაზე სხვადასხვა ქვეყნის 10-ზე მეტი სტუმარი მუნიციპალიტეტი იყო წარმოდგენილი.

ყოფილი მერი/საკრებულოს დეპუტატი ხელისუფლებიდან

აეროპორტში ოთხთაგან ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი გვხვდება. ახლა საკრებულოს არჩეული დეპუტატია და ხელისუფლებას წარმოადგენს. მის მუნიციპალიტეტთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებს განსაკუთრებული სიხარულით ხვდება. არ ამბობს, მაგრამ უცხოელები რომ კვლავ ბატონ მერს უწოდებენ იმდენად სიამოვნებს, აშკარად ემჩნევა, ამჯობინებდა, მათი მთავარი მასპინძელი კვლავაც თვითონ ყოფილიყო.

ამბობს, რომ რეფორმა, ძირითადად, ფინანსური ოპტიმიზაციის მიზნით ჩატარდა, თუმცა, რეალურად დიდი ეკონომია არ გამოდის. მუნიციპალიტეტი, რომელსაც ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელების ვალდებულება აქვს, ხარჯის გარეშე ვერ იმუშავებს. სახელმწიფო ფულის ხარჯვა კი რეფორმამდეც მკაცრად იყო რეგლამენტირებული.
ბაუსკასა და ხაშურის მუნიციპალიტეტებს შორის პარტნიორობის ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია
მუნიციპალიტეტის ყოფილი თანამშრომელი

ანდრა (სახელი შეცვლილია) ჩემი კოლეგაა. რეფორმის შედეგად, პანდემიასთან ერთად, ჯერ სამუშაოს დაკარგვის სტრესის, შემდეგ კი უშუალოდ უმუშევრობის ატანაც მოუწია. ეცადა, საკრებულოში მოხვედრილიყო, მაგრამ პარტიამ, რომლის სიაშიც იყო, ამისთვის საკმარისი ადგილები ვერ მოიპოვა.

მიუხედავად იმისა, რომ მშობლიური პატარა ქალაქის დატოვება არასდროს სურდა, ანდრა იძულებული გახდა, მუნიციპალიტეტი დაეტოვებინა და საცხოვრებლად და სამუშაოდ, ოჯახთან ერთად, რიგაში გადასულიყო.
მუნიციპალიტეტის მოქმედი თანამშრომელი

ჩემი კოლეგაა აინარსიც (სახელი შეცვლილია). ახალგაზრდა, ენერგიული და მხიარული. მან, ანდრასგან განსხვავებით, მუნიციპალიტეტში სამსახური შეინარჩუნა.

“ფინანსური ოპტიმიზაცია ჩვენც შეგვეხო. ჩვენი ისედაც მცირე, სამი თანამშრომლისგან შემდგარი განყოფილება დაიხურა, – ამბობს ის ჩვეული ღიმილით და ენერგიულად. ახლა მხოლოდ მე მევალება იმ საქმის გაკეთება, რასაც ადრე სამი ადამიანი ვაკეთებდით. უკვე ხშირად მიწევს, ჩემი ოჯახის და პატარა შვილის ინტერესებს სამსახურის ინტერესები ვამჯობინო, რაც ჩემთვის მიუღებელია. ვნახოთ, რა იქნება. იმედია, თანამშრომელს დაამატებენ. დაძაბული რეჟიმით მუშაობას მიჩვეული ვარ, მაგრამ ჩემი პირადი დრო ძალიან მნიშვნელოვანია და ის სამსახურს არ ეკუთვნის”.
საკრებულოს წევრი ოპოზიციიდან

ილვე (სახელი შეცვლილია) ჩემი ძველი მეგობარი და კოლეგაა. იგი საკრებულოს წევრია. აქვს როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში საქმიანობის დიდი გამოცდილება. ამჯერად ოპოზიციაშია. წინა მოწვევის საკრებულოშიც ოპოზიციას წარმოადგენდა. პერსონალურად მისთვის რეფორმას დიდი ცვლილებები არ მოიტანია.

მთავარი პრობლემა, რაც რეფორმის შედეგად გვაქვს, ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის დისტანციის გაზრდაა, ამბობს ის. დავუშვათ, ადამიანი ცხოვრობს იეკავაში. ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებთან შესახვედრად ადრე იგი იმავე ქალაქში, მეზობელ ქუჩაზე უნდა მისულიყო, ახლა სხვა ქალაქში, ბაუსკაში უნდა ჩამოვიდეს. მართალია, თანამედროვე ტექნოლოგიები კომუნიკაციის ფართო შესაძლებლობებს გვაძლევს, მაგრამ ეს თვითმმართველობაა. ერთი მხრივ, პერსონალურ კავშირებს აქვს მნიშვნელობა, მორე მხრივ კი, ადგილობრივი პრობლემების გათავისებას. თუ ადრე ადგილობრივ ხელისუფლებას და ადგილობრივ ამომრჩეველს უმთავრესად ერთი და იგივე პრობლემები ჰქონდა, რადგან ყველანი ერთ არეალში ცხოვრობდნენ, ახლა საკრებულოს დეპუტატებს ხელისუფლებიდანაც და ოპოზიციიდანაც მეტი ძალისხმევა გვჭირდება, რომ ამომრჩევლის მიერ წამოჭრილი პრობლემის პრიორიტეტულობა დავამტკიცოთ.

რეფორმის ყველაზე მტკივენული ეტაპი გავლილია. ჯერჯერობით, შეუძლებელია, სრულყოფილად ვიმსჯელოთ მისი შედეგების შესახებ. ბაუსკაში გამართული ოფიციალური მიღება პარტიორობის ახალ ხელშეკრულებებზე ხელის მოწერით, შემდეგ კი საზეიმო დემონსტრაციით და ღია კონცერტით გაგრძელდა, სადაც არაერთ მოქალაქესთან გასაუბრების საშუალება მოგვეცა.

მოქალაქეები რეფორმას სხვადასხვა პერსპექტივიდან წარმატებულად, ან წარუმატებლად მიიჩნევენ, მაგრამ მათი დიდი უმრავლესობა ცალსახად აღიარებს, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანება ნამდვილად ზრდის დისტანციას ხელისუფლებასა და ამომრჩეველს შორის, ართულებს გადაწყვეტილების მიღებას, ხოლო რეფორმის ფინანსური ეფექტი მათთვის ნაკლებად შესამჩნევია.

ფოტოები: photoplaces.eu