მოქალაქეებს, რომლებსაც ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადზე სახელმწიფო სუბსიდიის გამოყენების სურვილი არ აქვთ, შეთავაზებაზე უარის თქმა შეუძლიათ

627

წინა სტატია

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადთან მიმართებაში სახელმწიფო სუბსიდიის გამოყენების სურვილი არ აქვთ, შეთავაზებაზე უარის თქმა შეუძლიათ.

მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ასეთმა აბონენტებმა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მომარაგებაზე პასუხისმგებელ შესაბამის კომპანიებს უნდა მიმართონ, რომლებიც სიებს დააკორექტირებენ. მათივე განმარტებით, იმ ადამიანების სუბსიდია, რომლებიც სახელმწიფოს დახმარებაზე უარს იტყვიან, სხვა მოქალაქეებს მოხმარდებათ, ვისაც ეს უფრო მეტად სჭირდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ შექმნილია პროგრამა, რომელიც ყველა მოქალაქეს აძლევს საშუალებას, უარი თქვას ამ დახმარებაზე.

„ბევრი ადამიანია რამდენიმე ბინით, მაგრამ ვესაუბრეთ მომსახურების ყველა მიმწოდებელს და შექმნილია პროგრამა, რომელიც ყველა პატიოსან მოქალაქეს აძლევს საშუალებას, უარი თქვას ამ დახმარებაზე, თუ მას ეს არ სჭირდება და ეს მოხმარდება სხვა ადამიანებს. დამიკავშირდნენ ამ თემაზე ადამიანები, რომლებიც 200 კილოვატამდე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ, მაგრამ მსგავსი მხარდაჭერა არ სჭირდებათ. ეს ერთსულოვნება მისასალმებელია და ამ შესაძლებლობას ჩვენს მოქალაქეებს მივცემთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით, თითოეულ მოქალაქეს, ვინც თვის განმავლობაში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე, 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარს, 3 თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში გადასახადებს სახელმწიფო სრულად დაუფინანსებს. დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავების და წყლის გადასახადსაც. ელექტროენერგიაზე დაწესებული შეღავათით 1 მილიონ 200 ათასი ოჯახი, ხოლო ბუნებრივ აირზე დაწესებული შეღავათით – 671 ათასი ოჯახი ისარგებლებს.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 130 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 26 უკვე გამოჯანმრთელდა.