ქუთაისის „მადლიერების სახლის“ ყველა ბენეფიციარს პროდუქტებს სახლში მიუტანენ

676

ქუთაისის „მადლიერების სახლის“ ყველა ბენეფიციარი საცხოვრებელ ადგილებზე მიიღებს იმ პროდუქტებს, რომელიც მათთვის სასადილოში სადილების მოსამზადებლად იყო განკუთვნილი.

იმის გათვალისწინებით, რომ საყოველთაო კარანტინის პირობებში მთლიანად შეწყდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და ბენეფიციარებს უჭირთ უფასო სასადილოებამდე მისვლა, მათ საკვებ პროდუქტებს სახლებში მიუტანენ.

სასურსათო ამანათების დაფასოება მიმდინარეობს ქუთაისის სპორტის სასახლეში და ამ პროცესში უშუალოდ ჩართული არიან ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და მერის მოადგილეები.

„მადლიერების სახლის“ 800 ბენეფიციარი , საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე ბინაზე მიიღებს საკვებ პროდუქტებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობის პირობებში მათთვის ძნელი გახდა უფასო სასადილოებამდე მისვლა. სწორედ ამ მდგომარეობის გათვალისწინებით გადავწყვიტეთ, რომ ბენეფიციარებს საკვები პროდუქტები სახლებში მივუტანოთ“- აცხადებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.

ბენეფიციართა ნაწილს ( 60-მდე ადამიანი), დამოუკიდებლად არ შეუძლია სადილების შინ მომზადება. მათთვის „მადლიერების სახლის“ სამზარეულოში ისევ მომზადდება სადილი და გამზადებულ კერძებს სახლებში მიუტანენ.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 115 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 23 უკვე გამოჯანმრთელდა.