რუსთავის მერიამ მუნიციპალური ავტობუსები მეტალურგიულ ქარხანას თანამშრომლების გადასაყვანად მიაქირავა

461

რუსთავში მუნიციპალური ავტობუსები ისევ დადიან. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ მათ რამდენიმე ადამიანი დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ ქალაქის ქუჩებში მუნიციპალური ავტობუსები გადაადგილებასა და მგზავრების გადაყვანას კვლავ განაგრძობენ.

რუსთავის მერიაში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტმა აღნიშნული ავტობუსები დროებით რუსთავის მეტალურგიის ქარხანას მიაქირავა. საწარმო მას საკუთარი თანამშრომლების გადასაყვანად გამოიყენებს.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

ყველა დაწესებულებას, გარდა სააფთიაქო ქსელის, სასურსათო მაღაზიებისა და ბენზინ გასამართი სადგურებისა, მუშაობა აეკრძალა, თუმცა, მუშაობის ნება დაერთოთ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე საწარმოებს, რომლებიც თანამშრომლებს, თავიანთი ტრანსპორტით მოემსახურება.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს.

ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 115 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 23 უკვე გამოჯანმრთელდა.