ბოლნისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, პენსიონერებსა და შშმ პირებს მუნიციპალიტეტმა სასურსათო პაკეტები დაურიგა

582

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, პენსიონერი და შშმ პირებისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი 50-ლარიანი სასურსათო პაკეტების დარიგება დაიწყო.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პირველი ეტაპისთვის სურსათი 940 ბენეფიციარს გადაეცემა.

უწყების ცნობით, სურსათი ბენეფიციარებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანმა გადასცა, სურსათის დარიგება ეტაპობრივად განხორციელდება და ყველა მოწყვლად ჯგუფს მოიცავს.

„დღეს მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი 50-ლარიანი სასურსათო პაკეტები პენსიონერებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და შშმ პირებს გადავეცით. საკარანტინო მდგომარეობის დროს მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტულია დაეხმაროს იმ მოწყვლადი ჯგუფებს, რომელთაც ამის საჭიროაება განსაკუთრებით უდგათ. ბოლნისის მუნიციპალიტეტს ნათლად აქვს გააზრებული მისი სოციალური პასუხისმგებლობა, ამიტომ ვცდილობთ შეჭირვებულ ოჯახებსა და პირებს გვერდით დავუდგეთ. 50-ლარიანი სასურსათო პაკეტი პირველ ეტაპზე 940 ბენეფიციარს დაურიგდება“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანმა.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 110 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 21 უკვე გამოჯანმრთელდა.