კახეთში დიდი მოცულობის ავტოტრანსპორტით ექვსზე მეტი ადამიანის გადაადგილება აიკრძალა

988

საყოველთაო კარანტინის გამოცხადების ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები შეეხო კახეთში დიდი მოცულობის ავტოტრანსპორტსაც, რომლებსაც საგაზაფხულო ან ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად მუშახელი გადაჰყავთ. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამარშრუტო ტაქსებით ან მიკროავტუბუსებით ექვსზე მეტი ადამიანის გადაადგილება აიკრძალა.

„კახეთში აქტიურად მიმდინარეობს ვენახის, ხვნა-თესვითი და სხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევაჩეროთ ასეთი სამუშაოები. ყველა მევენახეს, კომპანიას, ამ საქმიანობაში ჩართულ პირებს ვაფრთხილებთ, რომ მუშა ხელის გადაადგილება, ტრანსპორტირება, სამუშაო, დასვენებისა და საკვების მიღების პირობები უნდა შეესაბამებოდეს ამ რეგულაციებს. თუ მუშა ხელი გადაჰყავდათ სამარშრუტო ტაქსებისა და მიკროავტობუსების მეშვეობით და იქ იყო 12, 15 ან ზოგჯერ მეტი ადამიანიც, ახალი რეგულაციებით, რომლებიც ოპერატიულ შტაბში გუშინ თათბირზე მივიღეთ, მასქიმუმ 6 ადამიანი შეიძლება იყოს ასეთ სატრანსპორტო საშუალებაში“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, რომ ეს რეგულაცია სამწუხაროდ გაზრდის მეწარმეების დანახარჯებს, თუმცა შეზღუდვის მიზანია კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენცია.

,,ეს მეწარმისთვის დამატებითი ხარჯი იქნება, რადგან დაახლოებით სამი გზა უნდა გააკეთოს, მაგრამ უნდა დავიცვათ სტანდარტების ის მინიმუმი, რაც მნიშვნელოვანია ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში. ანალოგიური რეგულაციები გავრცელდება სხვა სახის სამუშაოების, მათ შორის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

მსუბუქი ავტომობილით კი აკრძალულია სამზე მეტი ადამიანის გადაადგილება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით 7 მუნიციპალიტეტის – თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთის და გორის, შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო. ასევე გამშვები პუნქტები მოეწყობა ახალციხისა და თელავის მუნიციპალიტეტების შესასვლელებშიც.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 110 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 21 უკვე გამოჯანმრთელდა.