მეზვრიშვილი: როდესაც ვსაუბრობთ, რომ სამ ადამიანზე მეტი ვერ ჩაჯდება სატრანსპორტო საშუალებებში, ეს ნიშნავს, რომ ვერ ჩაჯდება, ვერც სრულწლოვანი და ვერც არასრულწლოვანი

525

როდესაც ვსაუბრობთ, რომ სამ ადამიანზე მეტი ვერ ჩაჯდება სატრანსპორტო საშუალებებში, ეს ნიშნავს იმას, რომ ვერ ჩაჯდება, ვერც მოზარდი, ვერც სრულწლოვანი და ვერც არასრულწლოვანი, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ცხელ ხაზზე შევიდა საკმაოდ ბევრი შეტყობინება ამ საკითხთან დაკავშირებით.

„ძალიან ბევრი კითხვა დაისვა, მსუბუქი ავტომობილებით როგორ უნდა გადაადგილდნენ მოქალაქეები, როგორც დღის განმავლობაში, ასევე ე.წ. კომენდანტის საათის პირობებში. მთავრობის დადგენილება, ახალი რეგულაციები, გაცილებით მკაცრი რეგულაციები და გუშინ, პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა და მეც კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინი გამოვაცხადეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ნიშნავს იმას, რომ ახალი აკრძალვების მიხედვით, სამ ადამიანზე მეტი ავტომანქანაში ვერ იჯდება“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ყველაფერი გარკვეულ უსიამოვნო პროცესებთან არის დაკავშირებული და გასაგებია, რომ მოქალაქეებს ექმნებათ გარკვეული დაბრკოლებები, მაგრამ ამას უნდა მოვეკიდოთ გაგებით, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი კეთდება ისევ და ისევ მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად.

„ბევრი კითხვა დაისვა, რომ მაგალითად, ოჯახში გვყავს სამი, ოთხი შვილი და როგორ გადავადგილდეთ? უნდა გადავადგილდეთ და ისე უნდა დავგეგმოთ ეს პროცესი, რომ მანქანაში 3-ზე მეტი ადამიანი არ იჯდეს. ეს, უპირველესად, კეთდება იმ არასრულწლოვნების ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე. საუბარია ნებისმიერი ასაკის ბავშვზე.

გამონაკლისი იქნება ასეთი შემთხვევები, მათ შორის დასაშვებ ფარგლებში გადაადგილებაც. კარგი იქნება, თუ გადაადგილებებით არ დავკავდებით და მაქსიმალურად დავრჩებით სახლში“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 110 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 21 უკვე გამოჯანმრთელდა.