ზუგდიდის მესამე საჯარო სკოლის რეკონსტრუქციაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 867 ათას 991 ლარია. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 120 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს.
ტენდერი სკოლის სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად უკვე მეოთხედ გამოცხადდა.
პირველი ტენდერის გამოცხადებამდე ზუგდიდის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეები მეხუთე და მეთორმეტეს სკოლებში გადანაწილდნენ. წინა ტენდერები ჩაიშალა ადგილობრივი მერიის განმარტებით იმის გამო, რომ მასში მონაწილეობა არავინ მიიღო, ან ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მისცეს.
თანხის ნაწილი რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამოყო, დანარჩენი კი სკოლამ საკუთარი ბიუჯეტიდან.
21 აპრილამდე კორონავირუსის გამო ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 110 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 21 უკვე გამოჯანმრთელდა.