ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, COVID19-თან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით უკვე იდენტიფიცირებულია რაიონული დონის კლინიკები, ვინც ე.წ. ცხელების ზონას გამოყოფს, ან თუ ამის გაკეთება შეუძლებელია, საავადმყოფოს განტვირთავს სხვა პაციენტების გადანაწილების გზით ისე, რომ სრულად მოემსახუროს მხოლოდ ცხელებით პაციენტებს.
როგორც გაბუნიამ ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რაიონული დონის კლინიკები შესაფერისად არიან აღჭურვილები იმისათვის, რომ მათ პაციენტები უსაფრთხოდ მიიღონ.
„ჰოსპიტალური სექტორის მზადება უკვე რამდენიმე თვეა დაიწყო ამ შემთხვევაში, ჩვენ საუბარი გვაქვს როგორც იმ კლინიკებზე, ვინც სრულად გააკეთებს მობილიზებას და უკვე მკურნალობს COVID19-ით დაინფიცირებულ პაციენტებს, ასევე, კლინიკები ვინც მიიღებს და საწყის შეფასებას ჩაუტარებს პაციენტებს ცხელებით. უკანასკნელ ხანებში ჩვენ პრობლემები გვქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ ბევრი კლინიკა უარს ამბობდა ცხელებიანი პაციენტის მიღებაზე და მათი გადამისამართება კლინიკებში ცენტრალიზებულად ხდებოდა. თუმცა, რაიონული დონის კლინიკები შესაფერისად არიან აღჭურვილები იმისათვის, რომ მათ უსაფრთხოდ მიიღონ, საწყისი შეფასება და ტრიაჟი გაუწიონ იმ პაციენტებს, ვინც ცხელებით და რესპირატორული სიმპტომებით მიმართავს მათ. სწორედ ამიტომ, უკვე იდენტიფიცირებულია რაიონული დონის კლინიკები, ვინც ე.წ. ცხელების ზონას გამოყოფს, ან თუ ამის გაკეთება შეუძლებელია, საავადმყოფოს განტვირთავს სხვა პაციენტების გადანაწილების გზით იმგვარად, რომ სრულად მოემსახუროს მხოლოდ ცხელებით პაციენტებს. ასეთი არის ყველა რაიონულ ცენტრში. ჯამში 40-მდე კლინიკა გამოდის. ზოგიერთი რაიონული ცენტრის კლინიკა იმდენად პატარაა, რომ იქ უბრალოდ ვერ მოხერხდება 1-ზე მეტი პაციენტს დაყოვნება, ასეთ შემთხვევაში ჩვენ მაქიმალურად შევეცდებით პაციენტები დროულად გადავამისამართოთ, უახლოეს რაიონულ კლინიკაში“, – განაცხადა გაბუნიამ.
მისივე განმარტებით, რაც შეეხება დიდ კლინიკებს, რომლებიც უკვე დიდი ხანია მობილიზებულები არიან იმისიათვის, რომ მხოლოდ კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტები მართონ, ასეთი კლინიკებიც მზადყოფნაში არიან.
„შემთხვევების რაოდენობის მატებასთან ერთად სრულად უზრუნველყოფენ მხოლოდ COVID19-ზე გადაწყობას იმგვარად, რომ პაციენტები კორონავირუსით მიიღონ და ჩაუტარონ მათ სამკურნალო მომსახურება, რაც ასეთ შემთხვევაში საჭირო იქნება. ასეთი კლინიკები კლინიკები იდენტიფიცირებულია: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში. ანუ, რეგიონულად მოცვა საკმაოდ კარგია“, – განაცხადა გაბუნიამ.
გარდა ამისა, გაბუნიას თქმით, მოქალაქეებისთვის ონლაინ-კონსულტაციების გაწევა ხვალიდან დაიწყება, რაშიც თავდაპირველად 100 ექიმი იქნება ჩართული. ონლაინ-კლინიკების მოდელი კი კვირის ბოლომდე რეგიონებში გაფართოვდება და თბილისშიც დამატებითი ცენტრები შეიქმნება.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება.
ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 110 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 21 უკვე გამოჯანმრთელდა.