ონლაინ-კლინიკების მოდელი კვირის ბოლომდე რეგიონებში გაფართოვდება და თბილისშიც დამატებითი ცენტრები შეიქმნება,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, კიდევ 24 კლინიკაა მომზადებული იმისთვის, რომ პაციენტებისთვის ონლაინ-სერვისის მომსახურებაში ჩაერთონ.
„112-თან დაკავშირებული ონლაინ-კლინიკები გრიპის და ასევე კორონავირუსისთვის პირველი მარტიდან მოქმედებს თბილისში სრულად. 4 პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება არის ჩართული მთლიანად ამ პროცესში. დღეს ჩვენ უკვე ვმუშაობთ ამ მოდელის გაფართოებაზე. მოდელი მუშაობს ძალიან ეფექტურად და თვალსაჩინოდ უჩვენებს იმ შედეგებს, რაც მან შეიძლება მოიტანოს როგორც გრიპის, ასევე კორონავირუსის შემთხვევის მართვისთვის. მოდელის გაფართოება კვირის ბოლომდე მოხდება რეგიონებშიც და ასევე თბილისის დამატებით ცენტრებში იმ სჭიროებების გათვალისწინებით, რომ შეიძლება ზარების რაოდენობამ მოიმატოს და მხოლოდ 4 ცენტრი აღარ იყოს საჭრო იმისთვის, რომ ეს ზარები ვმართოთ. 24 კლინიკაა იდენტიფიცირებლი, კლინიკები მზად არიან. მათი ტრენინიგი ფაქტობრივად დასრულდა, ამ კვირაში კიდევ დაზუსტდება დამატებითი დეტალები და სისტემა ტესტირების შემდეგ იქნება სრულად მზად იმისთვის, რომ პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას, რაც დაუკავშირდება ცხელების შემთხვევაში პაციენტის წუხილს და მისცეს მას სწორი მიმართულება დარჩეს ბინაზე, დაუკავშირდეს სასწრაფოს თუ საჭიროა პაციენტის გადაყვანა ცხელების კლინიკაში ან Covid-ის სამკურნალო კლინიკაში“,- განაცხადა გაბუნიამ.
გარდა ამისა, გაბუნიას თქმით, მოქალაქეებისთვის ონლაინ-კონსულტაციების გაწევა ხვალიდან დაიწყება, რაშიც თავდაპირველად 100 ექიმი იქნება ჩართული.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება.
ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 110 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 21 უკვე გამოჯანმრთელდა.