მოქალაქეებისთვის ონლაინ-კონსულტაციების გაწევა ხვალიდან დაიწყება, რაშიც თავდაპირველად 100 ექიმი იქნება ჩართული

898

ონლაინ-კონსულტაციებში 100 ექიმი იქნება ჩართული და ეს რაოდენობა ორი კვირის განმავლობაში 200-მდე გაიზრდება,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გაბუნიას თქმით, ზოგადად, პირველადი ჯანდაცის სისტემაში  1300-მდე სოფლის ექიმია ჩართული და დაახლოებით ამდენივეა ქალაქებში.

“ონლაინ-კლინიკების მიზნებისთვის, სატელეფონო ბრიგადების უზრუნველყოფისთვის ამ ეტაპზე შეფასებულია, რომ 100 ექიმი იქნება ჩართული იმ პროცესში, რაც უკავშირდება ონლაინ-კონსულტაციას. თუმცა ზოგადად, პირველადი ჯანდაცის სისტემაში სოფლის ექიმების რაოდენობა 1 300-ს აღწევს და დაახლოებით, ამდენივეა ქალაქის ქსელში ოჯახის ექიმების რაოდენობა. ჩვენ ეტაპობრივად გავაგრძელებთ ოჯახის ექიმებთან მუშაობას ონლაინ-ტრენინგის მექანიზმის საშუალებით, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრშია გამართული. ამდენად ყველა ექიმს ექნება საშუალება, რომ უშუალო კავშირი ჰქონდეს მეტად გამოცდილ ოჯახის ექმებთან და მათგან მიიღოს ინსტრუქცია. ეს პროცესი მიმდინარეა და ორი კვირის მანძილზე 200-მდე ოჯახის ექიმს მოიცავს. დღეს თბილისში ეს სისტემა უკვე მუშაობს და მოსახლეობას შეუძლია განაგრძოს 112-ზე დარეკვა და შემდეგ მათი ზარი გადამისამართდება თბილისის ოჯახის ექიმებთან. ვფიქრობ, უკვე ხვალიდან ეტაპობრივად გავრცელდება და ესეც დაანონსდება, სად, რომელ რეგიონში იქნება სისტემა მზად, ზარების მიღებისა და ონლაინ კონსულტაციებისთვის“,- განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 110 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 21 უკვე გამოჯანმრთელდა.