რუსთავის მერის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით მოსახლეობის გარკვეული ნაწილისათვის საკვებისა და მედიკამენტების დარიგება გრძელდება

764

რუსთავის მერის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით მოსახლეობის გარკვეული ნაწილისათვის საკვებისა და მედიკამენტების დარიგება მოხალისეთა დახმარებით გრძელდება.

რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მერის სარეზერვო ფონდიდან, თუ რუსთაველების ქველმოქმედებიდან შემოსული თანხით ნაყიდი პროდუქტი და მედიკამენტები, მოხალისეებს, ქალაქის ათივე ადმინისტრაციულ ერთეულში, სახლში მიაქვთ სოციალურად დაუცველებთან და იმ მოქალაქეებთან, რომლებიც შექმნილი მდგომარეობის გამო, ვერ ახერხერბენ გარეთ გამოსვლას, რადგან დაავადების რისკის ჯგუფში არიან.

დახმარებას იღებენ არა მარტო ის რუსთაველები, რომლებსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ, არამედ ის ადამიანებიც, რომლებიც ამ ეტაპზე საჭიროებენ თანადგომას.

მერიის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, საკვები პროდუქტი უკვე გაცემულია 950 ოჯახზე, რომელთა ბავშვებიც საბავშვო ბაღებში დადიან. აქციის მეორე ეტაპზე,  მერიის დახმარებას დამატებით 2300 რუსთაველი ბავშვის ოჯახი მიიღებს. ბაღის ასაკის ბავშვთა დახმარების პროგრამა გაგრძელდება და მესამე ეტაპზე დახმარებას კიდევ 2400 ოჯახს გადასცემენ. სულ მერიის დახმარების ამ  პროგრამით, 5650 ოჯახი ისარგებლებს, რაც მთლიანად მოიცავს რუსთავში ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს. მერის სარეზერვო ფონდიდანვე ფინანსდება თვითიზოლაციაში მყოფი რუსთაველების დახმარება სხვადასხვა სახის პროდუქტით, ჰიგიენური საშუალებით თუ საჭირო მედიკამენტებით.

ჰუმანიტარული აქცია, რომელიც მთლიანად ერთი რუსთაველის შემოწურულობით დაფინანსდა, დღესაც მოეწყო, რომლის ფარგლებშიც, რამოდენიმე ათეულ ოჯახს მოხალისეებმა საკვები სახლში მიუტანეს. ანალოგიური აქციები რუსთავში ყოველდღიურად იმართება.

ბენეფიციართა შერჩევა, კონკრეტული ადმინისტრაციული ერთეულიდან, მერის წარმომადგენლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის და  ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების მიხედვითაც ხდება.

რუსთავში მოხალისეთა ჯგუფებში 200 ადამიანია გაერთიანებული. ბოლო ორი კვირის განმავლობაში,  მათ საკვები, ჰიგიენური საშუალებები თუ საჭირო მედიკამენტები, რამოდენიმე ასეულ ოჯახს მიუტანეს,   ბინაზე მიტანის სერვისით მოემსახურნენ იმ სოციალურად დაუცველებსაც,  რომლებიც სოციალური სასადილოთი სარგებლობენ და შექმნილი სიტუაციის გამო, გარეთ ვერ გამოდიან.  რუსთაველების შემოწურულობით და მერიის სარეზერვო ფონდის დაფინანსეით, დღემდე დახმარება ათასზე მეტმა რუსთაველმა უკვე მიიღო.

“დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც საკუთარ მოქალაქეობრივ  ვალდებულებად ჩათვალა გვერდში დადგომოდა  ქალაქს და ქვეყანას. პირველივე დღეებიდან, როცა მოხალისეთა  რეგისტრაცია გამოვაცხადეთ, რუსთაველები აქტიურად ჩაერთნენ ამ კამპანიაში როგორც ადამიანური, ისე მატერიალური რესურსით.  რუსთაველი ბიზნესმენები, მერიის თანამშრომლები, უბრალო როგითი რუსთაველები, რომლებიც პირველივე დღეებიდან  აგროვებენ შემოწირულობებს, და გვთხოვენ, რომ არ გავასაჯაროოთ მათი ვინაობა, რადგან თვლიან, რომ სიკეთე ჩუმად უნდა აკეთო.

ყველა ვხედავთ, როგორი თავგანწირვით ებრძვიან ვირუსის გავრცელებას ჩვენი ექიმები, სახელმწიფო იღებს ყველა ზომას, რომ ეპიდემიური მდგომარეობა ქვეყანაში არ დამძიმდეს. ჩვენ კი, ადგილობრივ თვითმმართველობებს და ხალხს, ვისაც ამის რესურსი გააჩნია, ამ ეტაპზე ეს შეგვიძლია – შევასრულოთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყველა რეკომენდაცია და დახმარების ხელი გავუწოდოთ ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. მხოლოდ ასე შევძლებთ დავამარცხოთ ის გამოწვევა, რომლის წინაშეც დადგა დღეს ჩვენი ქვეყანა”, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუა.

ქალქის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს საკარანტინო პერიოდის დასრულების შემდეგ, მოქალაქეების ტრანსპორტირების საკითხს, დაფინანსებული და უკვე შეძენილია სპეციალური ეკიპირება მოხალისეებისთვის და ბიოოსაფრთხოების დამცავი კომბინიზონების პაკეტები. მუნიციპალიტეტმა უზრუნველყო საკარანტინე ზონების ექიმებით მომსახურეობაც.

რუსთავის მერიის სოციალური დახმარების აღნიშნული კამპანია, ქვეყანაში სიტუაციის დარეგულირებამდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 110 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 21 უკვე გამოჯანმრთელდა.