სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ფოთისა და ზუგდიდის შემდეგ ბლოკ-პოსტები შესაძლოა აბაშაშიც მოეწყოს.
„ბლოკ-პოსტები განთავსდება ფოთისა და ზუგდიდის შემოსასვლელ-გასასვლელში, მოეწყობა ბარიერები. სავარაუდოდ, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს აბაშაშიც დავამატებთ“, – აღნიშნა გუბერნატორმა.
თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთისა და გორის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო. შსს-ს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, თავდაცვის ძალებთან ერთად, საკონტროლო პუნქტების მეშვეობით, აღნიშნული ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე ადამიანთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას აკონტროლებენ. ასევე, ადგილზე ხდება მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი ცხადდება.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს.
ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 108 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 21 უკვე გამოჯანმრთელდა.