რეხვიაშვილი: ბოლნისში „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელმა გაავრცელა არასწორი ინფორმაცია, თითქოს მოსახლეობაში ფულადი შემწეობა რიგდებოდა

495

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი აცხადებს, რომ ბოლნისის ერთ-ერთ სოფელში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მიერ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს მოსახლეობაში ფულადი დახმარება რიგდებოდა. შოთა რეხვიაშვილი აცხადებს, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები ხელოვნურად ქმნიან უკმაყოფილებას მოსახლეობაში.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ზემო ყულარში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ პირველადი აუცილებლობის პროდუქტთან ერთად, ყველა მოსახლისთვის რიგდებოდა ფულადი შემწეობა 50 ლარის ოდენობით, რაც იყო დეზინფორმაცია. ამ ყველაფერის ორგანიზებაში იყო ჩართული ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ვინმე აზატ ქერიმოვი. შესაბამისად, გარკვეული ვნებათაღელვა იყო. 50 მოწყვლადი ოჯახია, სადაც მივედით და პროდუქტი მივიტანეთ, ფულადი თანხების განაწილება არ ყოფილა. დღეს, დაახლოებით თორმეტის ნახევრისთვის მოიყვანეს 30-დან 40-მდე ადამიანი და ითხოვდნენ დახმარებას. მათ შორის იყვნენ პენსიონერები და ის ხალხი, ვინც ნამდვილად მიიღო დახმარება.

ვამბობ, რომ ნორმალურად მიდის ყველა პროცესი, არავითარი კრიზისი არ შექმნილა და რაღაც აპოკალიფსი არ ყოფილ. ამას ხედავენ პოლიტიკური ძალები. მათ სქემაში სავარაუდოდ ეს არ ჯდება და უნდათ, ხელოვნურად გამოიწვიონ გარკვეული უკმაყოფილება. სამწუხაროა, როდესაც საგანგებო მდგომარეობაა და დეზინფორმაციით, შენი პატარა ვიწრო პოლიტიკური მიზნებს ასრულებ ამორალურად.

ამ დახმარებას იღებენ მოწყვლადი ჯგუფები, სოციალურად დაუცველები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. 1 000-ზე მეტს ოჯახია, ვისაც ამ დღეებში გაეწია დახმარება და კიდევ მზადდება შესაბამისი პროდუქტი, ეს არის უწყვეტ რეჟიმში“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი ცხადდება. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 100 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 18 უკვე გამოჯანმრთელდა.