საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 70 წელს გადაცილებულ საქართველოს მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ იმ შემთხვევაში თუ ისინი არ მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქსა და სამედიცინო დაწესებულებაში.
„აკრძალულია 70 წელზე ზემოთ ჩვენი მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა და უახლოს სამედიცინო დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში თუ ჩვენი 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები, ეკონომიკის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ვალდებულება აქვთ, რომ მათ დაეხმაროს,“- განაცხადა გიორგი გახარიამ
მთავრობის გადაწვეტილებით, ხვალ დილის 8 საათიდან საყოველთაო კარანტინი ცხადდება.
“კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება”, – განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ.
გახარიას განცხადებით, 21 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილება აიკრძალა. მისი თქმით, შეზღუდვა ეხება, როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით.
“ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ ქვეყის მასშტაბით 21 საათიდან დილის 6 საათამდე ცხადდება საკომენდანტო საათი”, — განაცხადა გახარიამ.
ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 100 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 18 უკვე გამოჯანმრთელდა.