რუსთავის აგრარული ბაზარი დაიხურა

547

რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრობაზე არსებული აგრარული ბაზარის სექცია დაიხურა. ბაზრის მენეჯერმა “ინფო რუსთავთან” საუბარში განაცხადა რომ სექციის დახურვა მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით მოხდა.

“ჩვენ მოვუწოდებდით მომხმარებელს და ასევე მომსახურე პირებს რომ საგანგებოს მდგომარეობის წესები დაეცვათ, ხშირად ვუთიტებდით მათ, თუმცა მომხმარებელი ამას არ ითვალისწინებდა. ასევე ძალიან ბევრი ადამიანი გროვდებოდა შესასვლელთან, უკვე უკონტროლო ხდებოდა ვითარება. ამიტომ ხალხის უსაფრთხოების გამო მივიღეთ გადაწყვეტილება რომ აგრარული სექცია დაგვეხურა”, – განაცხადა ბაზრის მენეჯერმა.

ჯერჯერობით, უცნობია, რამდენი ხანი იქნება ბაზარი დახურული. შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე დაიხურა ბაზრის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის სექციაც.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 98 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 18 უკვე გამოჯანმრთელდა.