საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო -სახალხო განხილვები საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ გაიმართება. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, აღნიშნული განხილვები დისტანციურ რეჟიმში მოხდება და ხალხთან კომუნიკაციისთვის მათი შეკრება არ იქნება აუცილებელი.
„საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ იწყება განხილვები. პირველი არის საყოველთაო -სახალხო განხილვა. რისკები ბუნებრივია, მთლიანად არ იქნება აღმოფხვრილი. საგანგებო მდგომარეობა არ ნიშნავს, რისკების სრულად აღმოფხვრას. ამ რისკების გათვალისწინებით, შემუშავებული გვაქვს გეგმა, ორ ადგილზე – აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში – დისტანციურად როგორ ჩატარდეს საყოველთაო- სახალხო განხილვა კანონმდებლობის სრული დაცვით. არანაირი შეკრება არ იქნება იმისთვის საჭირო, რომ ხალხთან საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვები მოვაწყოთ. მათი ჩართულობა დისტანციური კომუნიკაციის ფარგლებში, ტელეხიდებით და ა.შ. მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი,“ – განაცხადა მდინარაძემ.
კითხვაზე, შემქნილი ვითარებიდან გამომდინარე, ემუქრება თუ არა რაიმე საფრთხე საკონსტიტუციო ცვლილებებს, მდინარაძემ განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე მიღწეული შეთანხმება არანაირი რისკის ქვეშ არ დადგება. მისივე განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება ახლა გაცილებით სწრაფად იქნება შესაძლებელი, ვიდრე აქამდე იყო. შეთანხმება, რომელიც ჩვენი უცხოელი პარტნიორების მედიაციით შედგა, არანაირი რისკის ქვეშ არ დადგება. ჩვენ ვილაპარაკეთ შეზღუდულ ვადებზე, რომლის საშუალებასაც იძლევა როგორც პარლამენტის რეგლამენტი, ასევე საქართველოს კონსტიტუცია. საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება გაცილებით შემჭიდროვებულ ვადებშია შესაძლებელი, ვიდრე ეს აქამდე იყო პრაქტიკაში. ანუ აქამდე თუ საჭირო იყო 3 თვე და კიდევ პლუს 1 თვე იმისათვის, რომ საარჩევნო კოდექსიც შესაბამისობაში მოსულიყო კონსტიტუციასთან, ჩვენ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ პარალელურად და ერთი თვე ამით მოვიგოთ. ასევე, შესაძლებელია, საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ მაქსიმუმ 1 თვიან ან თვე-ნახევრიან პერიოდში მოვახერხოთ მთლიანი პაკეტის მიღება. ამაზე ვისაუბრეთ ოპონენტებთანაც, მათი თანხმობა და მზაობაც არის ამაზე. აქედან გამომდინარე, კონსტიტუციას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. თუ რაიმე რადიკალურად ცუდ სცენარს არ წარმოვიდგენთ და საგანგებო მდგომარეობა მალე მოიხსნება, ჩვენ კონსტიტუციას არანაირ საფრთხეს არ შევუქმნით. ამის სრული გარანტია არსებობს,“ – განაცხადა მდინარაძემ.
საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა. ოპოზიცია და მმართველი გუნდი 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან ბარიერსა და ე.წ. ჩამკეტზე – უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40%-იან ბარიერზე შეთანხმდნენ.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.