საია საარჩევნო სისტემაზე მიღწეულ შეთანხმებას მხარს უჭერს

655

წინა სტატია

შემდეგი სტატია

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საარჩევნო სისტემაზე მიღწეულ შეთანხმებას მხარს უჭერს.

„საკანონმდებლო ორგანოში მაქსიმალური პროპორციული წარმომადგენლობა ამგვარი მოდელის ქვაკუთხედია. არსებული საარჩევნო სისტემა ახალისებს პოლარიზაციასა და ხელს უშლის ინსტიტუციონალიზებულ პოლიტიკაში საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობას.

ამიტომ, მივესალმებით 8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საერთაშორისო პარტნიორების ფასილიტაციით მიღწეულ შეთანხმებას და მას დემოკრატიულ წინსვლად ვაფასებთ. იმავდროულად, ვწუხვართ, რომ, დოკუმენტის მიხედვით, რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2024 წლის იქით გადაიწევს. მიუხედავად ამისა, მხარს ვუჭერთ შემოთავაზებულ ვერსიას, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს მაჟორიტარული და პროპორციული მოდელების შერევით წარმოქმნილ სისტემურ ხარვეზებს და იძლევა შესაძლებლობას, არჩევნები ჩართული მხარეების მიერ აღიარებული თამაშის წესებით ჩატარდეს.

ერთობლივად გამოქვეყნებული განცხადების ტექსტის და საკანონმდებლო მუშაობის ლოგიკის კვალდაკვალ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს წინ აქვს სკურპულოზური სამუშაო, რომელმაც, ერთი მხრივ, პროპორციული არჩევნების შედეგების სამართლიანი განაწილებას წესი, ხოლო, მეორე მხრივ, მაჟორიტარული ოლქების საზღვრები უნდა დაადგინოს. საია იმედს გამოთქვამს, რომ პროცესი საპარლამენტო ძალებს შორის ურთიერთთანამშრომლობის განწყობით გაგრძელდება, ზემოაღნიშნული შეთანხმება კი, საფუძვლად დაედება წინასაარჩევნო პროცესების მშვიდ გარემოში წარმართვას. ეს მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, კენჭისყრის დღეს არჩევანი ესკალაციისა და დაძაბულობისგან თავისუფალ გარემოში გააკეთოს, რაც სტაბილური განვითარების წინაპირობაა“, -აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.

როგორც ცნობილია, გუშინ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა. ოპოზიცია და მმართველი გუნდი 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან ბარიერსა და ე.წ. ჩამკეტზე – უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40%-იან ბარიერზე შეთანხმდნენ.

ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები დასავლელი პარტნიორების ინიციატივით და მონაწილეობით მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ” დანაპირები არ შეასრულა და გასული წლის 14 ნოემბერს 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგ საპროტეტსო აქციები დაიწყო.