რეხვიაშვილი: მარნეულში 15 000 ადამიანს , ბოლნისში კი 3 400 ადამიანს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა

445

მარნეულში 15 000 ადამიანს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, ხოლო ბოლნისში 3 400 ადამიანი შემოწმდა, – ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი ინფორმაციით, ამ ორ მუნიციპალიტეტში სწრაფი ტესტირების შედეგად, ჯერჯერობით არცერთ ადამიანს არ დაუდასტურდა კორონავირუსი.

„სწრაფ ტესტირებებზე საველე ჰოსპიტალიდან აღებული ნაცხების პასუხები ნაცვლად 6 საათისა, გვექნება საათ-ნახევარში, რაც აადვილებს საქმიანობას და თვითონ ჰოსპიტალის პერსონალისთვის ზრდის კომფორტს. ამიტომ, რიგები არ არის. მომართვიანობა ჩვეულებრივ რეჟიმშია და კორონავირუსთან დაკავშირებით სიახლე არ გვაქვს. საკარანტინო ცხოვრება ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება.

დღეს ჩვენი მობილური ჯგუფები ორივე მუნიციპალიტეტში აგრძელებენ ტესტირებას. მარნეულში 15 ათასი ადამიანი შემოწმდა. მათგან მხოლოდ ოთხს ჰქონდა ტემპერატურა, თუმცა არავითარი სიმპტომატიკა გამოხატული არ ჰქონდათ და გამორიცხული იყო კორონავირუსთან კავშირი. ბოლნისში შემოწმდა 3 400 ადამიანი და იქაც არავითარი გართულება არ ყოფილა. ამდენად რამე ცუდი მოლოდინი დღეს არ გვაქვს,“ – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დღეს 10 000 პირბადე და სხვა აუცილებელი აქსესუარები იმ ადამიანებს დაურიგდებათ, რომლებსაც საკარანტინო ზონაში უწევთ საქმიანობა.

„ამ ეტაპისთვის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში პროდუქტი, საწვავი და მედიკამენტები არის. დღეს მივიღეთ 10 000 ნიღაბი და საჭირო აქსესუარები, რომლებიც მუნიციპალიტეტებში განაწილდა და პირველ რიგში, იმ ადამიანებს დაურიგდა, ვისაც ამ პროცესებში აქტიური ჩართულობა უწევს“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

23 მარტიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი  გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე პოლიცია და ჯარი აკონტროლებენ.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა, მათ შორის 10 უკვე გამოჯანმრთელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის  აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.