კორონავირუსის გამო, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე კუს ტბამდე მისასვლელი გზა ჩაიკეტა. ამის შესახებ განცხადებას კუს ტბის ადმინისტრაცია ავრცელებს.
განცხადებაში წერია, რომ გაფრთხილების მიუხედავად, ხალხის ნაწილი მაინც სტუმრობდა ტერიტორიას და არ იცავდა სიცუალურ დისტანციას.
“ჩვენი, როგორც კუს ტბის ადმინისტრაციის მიერ სახლში დარჩენის რეკომენდაციისა და გაფრთხილების მიუხედავად, ვიზიტორების გარკვეული ნაწილი მაინც სტუმრობდა ტერიტორიას და არღვევდა სოციალურ დისტანციას. იმის გამო, რომ საერთო სურათი არ შეცვლილა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა კუს ტბამდე მისასვლელი გზის ჩაკეტვა, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ და კვლავ მოგიწოდებთ, დარჩეთ სახლში, მიუდგეთ დღევანდელ სიტუაციას პასუხისმგებლობით და ვიზრუნოთ ერთმანეთზე,” – წერია განცხადებაში.
23 მარტიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა.
გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი გზები. სიტუაციას ადგილზე პოლიცია და ჯარი აკონტროლებენ.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.
საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა, მათ შორის 10 უკვე გამოჯანმრთელდა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.