პრემიერმინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ნინოწმინდისა და ახალქალაქის საკარანტინე ზონებად გამოცხადება არ იგეგმება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ამ ეტაპზე საქართველოს არც ერთი მუნიციპალიტეტის საკარანტინე ზონად გამოცხადება არ იგეგმება, თუ იქ საგანგაშო ვითარება არ გამოვლინდა.
“ნინოწმინდისა და ახალქალაქის საკარანტინე ზონებად გამოცხადება არ იგეგმება, ისევე როგორც არ იგეგმება საქართველოს არც ერთი სხვა მუნიციპალიტეტის, თუ არ გამოვლინდა იქ საგანგაშო ვითარება. საგანგებო ვითარება შეიძლება გაჩნდეს საქართველოს ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, იმიტომ, რომ უკვე მივედით იმ ეტაპზე”, – განაცხადა სუბარმა.
23 მარტიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა.
გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.
საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა, მათ შორის 10 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.