ასპინძაში, ახალციხეში, ნინოწმინდასა და ბორჯომში 25 საძოვრის იჯარით გაცემაზე აუქციონი გამოცხადდა

353

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის ფარგლებში, სამცხე–ჯავახეთის ოთხ მუნიციპალიტეტში, იჯარით 25 საძოვარი გაიცემა, რომელზე აუქციონიც დღეს, 26 სექტემბერს დაიწყო.

სამინისტროს განმარტებით, რეგიონის მასშტაბით, აუქციონის წესით, იჯარით გასაცემი საძოვრების გადანაწილება შემდეგნაირია: ახალციხე– 1; ასპინძა– 2; ნინოწმინდა– 9; ბორჯომი– 13.

სამინისტროს ინფორმაციით, საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 26 სექტემბერს დაიწყო და 31 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

დღეის მდგომარეობით, ხუთ ეტაპად, სულ გამოქვეყნდა 479 ერთეული აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრის მონაცემები, საერთო ფართობით – 49,754 ჰექტარი. ამჟამად, ხელმისაწვდომია და განაცხადების მიღება წარმოებს 118 მათგანზე. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდებზე, ასევე სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 6 ოქტომბერს დაამტკიცა. პროგრამა მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. პროგრამა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს შეუწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დაიცავს დეგრადაციისგან და, ამავდროულად, მეცხოველეობის დარგის განვითარებას დაეხმარება“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.