სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ საკარანტინო ზონებში სურსათის და პირველადი მოხმარების ნივთების დეფიციტი არ შეიქმნება. მისი თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სრულ კოორდინაციაში მუშაობს.
„სურსათის მიწოდების ჯაჭვი განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს. არის დამატებითი გაიდლაინები საკარანტინო ზონებთან სურსათის ოპერატორებთან დაკავშირებით. სადაც უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო გამკაცრებულია. იმისთვის რომ დაავადების გავრცელების პრევენცია მოვახდინოთ“, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკური გუნდის შეხვედრის შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საკარანტინო ზონებში პროდუქციის შეტანა ორგანიზებულად მოხდება.„მძღოლებს ექნებათ სპეციალური ეკიპირება, მანქანები გაირეცხება სპეციალური ხსნარით“, – აღნიშნა დავითაშვილმა.
საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ 22 მარტს, გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა.
გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.
საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.