ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კოორდინებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედიკოსებთან ერთად, COVID-19- ის პრევენციის ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართული მოხალისეები, რომელთა გადამზადებას წითელი ჯვარი ახდენს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფოთის მერიიდან აცნობეს, 45 მოხალისე, ამ ეტაპზე, ა(ა)იპ სოციალური მომსახურების ცენტრის 300 ბენეფიციარისთვის საკვების შინ მიტანას თვითიზოლაციის წესებისა და მთავრობის რეგულაციების დაცვას აკონტროლებს.
მოხალისეები ჩართული არიან სავაჭრო ობიექტებსა და ბანკომატებთან რიგების მოწესრიგებაში.
„კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო ხსნარით ყოველდღე მუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ფოთში დახურულია ყველა ობიექტი გარდა სურსათის და კვების პროდუქტების მაღაზიებისა და აფთიაქების. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია აწარმოებს მარტოხელა ხანდაზმული და შეჭირვებული მოქალაქეების აღრიცხვას, რათა მოხდეს მათთვის საკვებისა და მედიკამენტების შინ მიწოდება. ფოთის მუნიციპალიტეტში მოქმედებს ცხელი ხაზი -591 41 75 20; 0493 22 12 95“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 8 უკვე გამოჯანმრთელდა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, გასულ ღამეს კი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა და საველე ჰოსპიტალი მოეწყო.