მარნეულსა და ბოლნისში გამოცხადებული კარანტინის შემდეგ ავტომატურად, იზოლაციაში მოექცა დმანისის მუნიციპალიტეტი, რომელსაც ერთ მხარეს კარანტინში მყოფი ბოლნისი ესაზღვრება, მეორე მხარეს კი სახელმწიფო საზღვარია. არსებობს მესამე, შემოვლითი გზა, რომელიც წალკაში გადადის თუმცა იქ გავლა მხოლოდ სამხიდიანი ავტომობილებითა არის შესაძლებელი. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს.
როგორც ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებლმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, მიმდინარეობს მუშაობა და სიტუაციის შესწავლა.
„გარკვეული შეზღუდვები წარმოიშვა, ეს ბუნებრივიც იყო. თუმცა ამ მუშა პროცესში ჩვენ დავალაგებთ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რათა გამარტივდეს ეს პროცესი. ამ ეტაპზე ვადასტურებ, რომ კომუნიკაციაც მუნიციპალიტეტებსა და დასახლებებს შორის იყო მჭიდრო და აქტიური. ამჟამად შეზღუდულია გადაადგილება და დღის ბოლომდე ინსტრუქციებს მივიღებთ“, – შოთა რეხვიაშვილმა.
საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში კარანტინისას საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, პროცესში ჩართულია საქართველოს თავდაცვის ძალებიც.
შეგახსენებთ, COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.