მარნეულის კულტურის ცენტრი დისტანციური აქტივობების დანერგვას იწყებს

1202

მარნეულის კულტურის ცენტრი დისტანციური აქტივობების დანერგვას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაცია ცენტრის დირექტორმა ნატო შავიშვილმა მოგვაწოდა და თქვა, რომ კორონავირუსის გამო, ისინი ახლა უკვე ონალინ ეცდებიან საკუთარი აუდიტორიის გახალისებას და შემეცნებითი პროექტების დანერგვას. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

“რა თქმა უნდა, თავდაპირველად ეს იქნება სატესტო რეჟიმი. ვფიქრობთ, რომ კარგი გამოვა და გამოცდილებასაც მივიღებთ, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო დავხვეწოთ. ჩვენ დავუდგებით ჩვენს თანამემამულეებს გვერდში, რომ საინტერესოდ გაატარონ არააქტიური ცხოვრების წესი და ჩაკეტილი სივრცე მათთვის უფრო ადვილად გადასატანი გახდეს,“ – თქვა ნატო შავიშვილმა და აღნიშნა, რომ 23 მარტიდან თავიანთ ვებგერდზე სხვადასხვა აქტივობებს, ვიდეობლოგებს, აუდიოწიგნებს, ხატვის მასტერკლასებს და სხვა აქტივობებს განათავსებენ.

„გვექნება ვიდეობლოგი „მთავარი როლი“, რომელსაც წარუძღვება ზურა ხაფთანი, ისაუბრებს ცნობილ ქართველ და უცხოელ მსახიობებზე.  ირაკლი ხარშილაძე წაიყვანს ლიტერატურულ ბლოგს, ისაუბრებს ცნობილ მწერლებსა და პოეტებზე. გოჩა ხვიჩია წაიყვანს ბლოგს „არტ ვოიაჟი“ – გვამოგზაურებს სხვადასხვა ქვეყანაში და მოგვიყვება მისი თვალით ნანახ მსოფლიო ხელოვნების ნიმუშების შესახებ. ასევე, გვექნება ვიდეობლოგი „ხელოვნებისადმი სიყვარული ადამიანების არსებობის ყველა ეტაპზე, რომელსაც წარუძღვება ქეთევან აბაშიძე. საუბარი იქნება ადამიანის და ხელოვნების კავშირზე. ასევე გვექნება ვიდობლოგები პატარებისთვისაც და მოზარდებისთვისაც. გვექნება ვიდეობლოგი „ვისწავლოთ ხატვა მარტივად“ თამუსია ლეთოდიანი ჩაატარებს ონლაინ გაკვეთილებს. ასევე, გვექნება ვიდობლოგი „სცადე“ ტატო გელიაშვილი გვასწავლის ხელსაქმეს თუ როგორ დავამზადოთ სახლის პირობებში სხვადასხვა საინტერესო ნივთი . ასევე, „ფეისბუკზე“ გვექნება „არტ რუბრიკა“, სადაც ყოველდღიურად განახლდება ინფორმაცია ხელოვნების სხვადასხვა დარგებისა და ხელოვნებასთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ”, – თქვა ნატო შავიშვილმა.

კულტურის ცენტრის დირექტორის თქმით, ასევე იგეგმება მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის პროექტების განხორციელება, მაგალითად,  აუდიო წიგნები შეთავაზება აუდიტორიისთვის და ჩანახატების კონკურსი.

„კულტურის ცენტრს ვიდეოკონკურსიც ექნება, გვინდა რომ ჩვენმა მიმდევრებმა, მაყურებლებმა თუ მსმენელებმა,  ჩაწერონ სამწუთიანი სახალისო ვიდეო, რომელიც  ასახავს იზოლაციაში ყოფნის გარკვეულ ასპექტებს. ეს ვიდეო სახალისო უნდა იყოს და არ უნდა დავამძიმოთ ერთმანეთი უარყოფითი ემოციებით,“ – თქვა ნატო შავიშვილმა.

ნატო შავიშვილმა აღნიშნა, რომ შესაძლო რესურსებიდან გამომდინარე, ისინი შეეცდებიან, რომ მომზადებული მასალები არაქართულენოვანი აუდიტორიისთვისაც იყოს მისაწვდომი, მაგალითისთვის კი აუდიოწიგნი მოიყვანა და თქვა, რომ  შერჩეული აუდიო წიგნების ონლაინ მოსმენა,  აზერბაიჯანულ ენაზეც იქება შესაძლებელი. შავიშვილმა მოუწოდა მოსახლეობას, რომ „დარჩნენ სახლში“ და 23 მარტიდან თვალყური ადევნონ მარნეულის კულტურის ცენტრის „ფეისბუკ“ გვერდს.