ზუდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ცენტრალურ მოედანზე, ღვთისმშობლის ფრესკის დადგმაზე ნებართვის თხოვნით მერიას მიმართა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
„ეპარქიის მიერ გამოგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ნებართვას ითხოვს ნიშის აღმართვაზე. წერილს განიხილავს მერიის შესაბამისი კომისია“, – გვითხრეს ზუგდიდის მერიაში.
ფრესკის მაკეტი მოედანზე ეპარქიამ უკვე დადგა, რასაც მერიის განცხადებით ნებართვა არ სჭირდებოდა.
„თავისუფლების მოედანზე, ღვთისმშობლის ფრესკის მაკეტის ვიზუალური აღქმისთვის და ქალაქის მასშტაბში მოქცევის მიზნით, მისი დროებითი დადგმა არ საჭიროებდა ნებართვას“, -აცხადებენ მერიაში.
საკრებულოს წევრების ნაწილი არ ეთანხმება ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ინიციატივას, ცენტრალურ მოედანზე ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის დადგმაზე და ალტერნატივად ე.წ. ფუნიკულიორის ტერიტორიაზე, ეკლესიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს სთავაზობს.
მათ საპასუხოდ, ეპარქია აცხადებს, რომ ეს საკითხი მოხსნილია დღის წესრიგიდან.
„ის ადგილი თავად კათოლიკოს-პატრიარქმა დაათვალიერა 2009 წელს და აკურთხა, რათა იქ წმინდა სამების ტაძარი აშენდეს. არიან კეთილი ადამიანები, ეკლესიის სულიერი შვილები, რომელთაც აქვთ სურვილი მანდ ტაძრის აშენების და ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში დადებითად გადაწყდება ეს საკითხი, ამიტომ იქ ნიშის აღმართვა საზოგადოების სურვილისამებრ არ განიხილება და მოხსნილია დღის წესრიგიდან“, – ამბობს ეპარქიის მდივანი, მღვდელი დიმიტრი ვეკუა.
ცენტრალურ მოედანზე ფრესკის აღმართვას არ ეთანხმება ასევე მოქალაქეთა ჯგუფი. ოთარ ჭითანავა მოედანზე ღვთისმშობლის ფრესკის ნაცვლად, ზუგდიდელებს „კოლხეთის დედის“, ან მეფე ქუჯის ქანდაკებების დადგმას სთავაზობს.
მოქალაქეები, რომელთაც ფრესკის აღმართვის ადგილზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, ეპარქიის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე, ვერ შეძლეს აზრის ხმამაღლა დაფიქსირება, რადგან თავი უსაფრთხოდ ვერ იგრძნეს.
ფრესკის პროექტი ეპარქიამ თანამოაზრეებთან ერთად განიხილა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში. შეხვედრის მონაწილეებმა თქვეს, რომ ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის მოედანზე განთავსება და ამ მოედნისთვის ღვთისმშობლის სახელის მინიჭება სურთ.
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ შეხვედრის დასასრულს, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მოედანზე ფრესკის დადგმა და მოედნისთვის ღვთისმშობლის სახელის მინიჭება საბოლოოდ ხელისუფლების გადასაწყვეტია.
მერიაში ირწმუნებიან, რომ გადაწყვეტილებას უმრავლესობის ინტერესების გათვალისწინებით მიიღებენ.