ზუგდიდი ვატიკანი არ არის – ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ინიციატივას, მოედანზე ღვთისმშობლის ფრესკა დაიდგას, მოწინააღმდეგეები ჰყავს

939

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ყოფილი პარლამენტარი ოთარ ჭითანავა ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე ღვთისმშობლის ფრესკის ნაცვლად, სხვა სკულპტურების – „კოლხეთის დედის“, ან მეფე ქუჯის ქანდაკებების დადგმას განიხილავს. მან „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში, მოედანზე დასადგამად ცნობილ მოქანდაკეებს სკულპტურის ორი ვარიანტი შეუკვეთა.

„როცა გათავისუფლდა ეს ადგილი, მე ქალაქის აღმასკომის თავმჯდომარე მოვიწვიე, ზუგდიდელები. მათ შორის შევეკითხე ცნობილ მოქანდაკეებს აზრი. მერაბ ბერძენიშვილიც ჩამოვიყვანე. მოქანდაკეებმა ჯუმბერ ჯიქიამ და ბადრი სხულუხიამ ორი მაკეტი დაამზადეს, „კოლხეთის დედის“ და ქუჯის. ჩვენი აზრით, კოლხეთის დედა იქნება ქალი – მასპინძელი, რომელიც სამეგრელოში ეპატიჟება ყველას. პროექტები ვერ განხორციელდა, რადგან მაშინ აირია ქვეყანა“, – უთხრა „ლაივპრესს“ ოთარ ჭითანავამ.

მას მიაჩნია, რომ ღვთისმშობლის ფრესკისთვის მოედანი შეუფერებელი ადგილია.

„ღვთისმშობლის ფრესკის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ღვთისმოშიში კაცი ვარ, მაგრამ ეს არ არის მისი ადგილი. ზუგდიდი ვატიკანი არ არის. საქართველოში ფრესკა გარეთ არ დგას. ის აზრი, რომ ღვთისმშობლის ფრესკისთვის ქალაქის შემოსასვლელია მიზანშეწონილი, მიუღებელია. ზუგდიდს აქვს ხუთი შემოსასვლელი: წალენჯიხიდან, სოხუმიდან, ანაკლიიდან, ჩხოროწყუდან და ნარაზენიდან. მოედანზე კი მაკდონალდსია, შადრევანია და ზოგადად, შეუსაბამო ადგილია. ღვთისმშობლის გაცილებით უკეთესი პროექტი ჰქონდა ვლადიმერ ვახანიას წლების წინ, რომელიც შემდეგ დაიჭირეს, წინა ხელისუფლების დროს. თუ ასე უნდათ, მაშინ დააბრუნონ ვლაქერნის ხატი, რომელიც დადიანების სასახლის გვერდით ეკლესიაში იყო დაბრძანებული, შემდეგ კი თბილისში მუზეუმში წაიღეს“, – ამბობს ოთარ ჭითანავა.

ის ითხოვს, რომ ქანდაკების მოედანზე დადგმამდე უნდა გაიმართოს შეხვედრები, სადაც საზოგადოებამ ყველა ვარიანტი უნდა განიხილოს.

ცნობისათვის, 20 თებერვალს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის პროექტის განხილვა შედგა. ეპარქიის ინიციატივით, მოზაიკა ქალაქის მთავარ მოედანზე უნდა დაიდგას. გამოითქვა მოსაზრებები, რომ თავისუფლების მოედანს სახელი შეეცვალოს და ღვთისმშობლის ეწოდოს. ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ საბოლოოდ ხელისუფლების გადასაწყვეტია ორივე ინიციატივა.

ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ ფრესკის განთავსების ნებართვის გაცემაზე ჯერ არავის მიუმართავს. მას შემდეგ კი რაც ეს მოხდება, ირწმუნებიან, რომ გადაწყვეტილებას უმრავლესობის ინტერესების გათვალისწინებით მიიღებენ.