ზუგდიდის საჯარო სკოლებში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. დღეს სპეციალური ხსნარით ხუთი სკოლა დამუშავდება. ეს სკოლებია – მეოთხე, პირველი, მეორე, მეთერთმეტე სკოლა და სასულიერო გიმნაზია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
დეზინფექცია დილით მეოთხე საჯარო სკოლიდან დაიწყო. ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა კახა ფარცვანიამ გვითხრა, რომ ხვალიდან მათი ანტივირუსული კამპანია უფრო გაიშლება. თავდაპირველად ქალაქს მოიცავენ, შემდეგ კი სოფლის სკოლებში გადაინაცვლებენ. რესურსცენტრის უფროსის თქმით, 16 მარტამდე 51 საჯარო და ექვსი კერძო სკოლა სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდება.
“ვინაიდან იგივე ინდმეწარმე ახორციელებს ბაღების დეზინფექციას, ამიტომ, მათი გადაწყვეტილება იყო, პირველ ეტაპზე ქალაქის ტერიტორიაზე განხორციელდეს სამუშაოები, მერე სოფლებში, თუმცა სწავლის დაწყებამდე, 16 მარტამდე მთლიანად მოვიცავთ ყველა სკოლას. შევეცადეთ პროფესიონალები მოგვეწვია სადეზინფექციოდ, იმიტომ, რომ მაინც ქიმიური ნივთიერებებია”, -განაცხადა კახა ფარცვანიამ.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სკოლების სპეციალური ხსნარით ერთხელ დამუშავება საკმარისია, მაგრამ თუკი ვითარება გამწვავდება, დეზინფექციას განმეორებით ჩაატარებენ.
სადეზინფექციო სამუშაოებს ინდმეწარმე დავით ბჟინავა ახორციელებს.
29 თებერვალს, საქართველოს პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 2-დან 16 მარტამდე გამოცხადდა.
ზუგდიდსა და მთლიანად რეგიონის მასშტაბით, სპეციალური ხსნარით, სკოლების და ბაღების გარდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც მუშავდება.
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, კორონავირუსის პრევენციისთვის საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფია შექმნილი, რომელმაც პირველი სამუშაო შეხვედრა 2 მარტს გამართა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის სამი შემთხვევაა დაფიქსირებული.