სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დღეიდან საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო, რომელიც 16 მარტამდე გაგრძელდება.
ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის საფრთხის გამო მთავრობამ 29 თებერვალს მიიღო. პროფილაქტიკის მიზნით, არდადეგების პერიოდში, მთელი საქართველოს მასშტაბით, სკოლებსა და ბაგა-ბაღებში დამატებითი სადეზინფექიო სამუშაოები ჩატარდება.
„იმისთვის, რომ ყველა სკოლის დეზინფექციისთვის იყოს საკმარისი დრო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება.
გარდა ამისა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გაძლიერდება სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საბავშვო ბაღებში“, -ნათქვამია კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს განცხადებაში.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე კი 29 თებერვალს დადასტურდა.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.