დღეს, 28 თებერვალს, მარნეულის ცენტრალური პარკი და განახლებული მონუმენტური ძეგლი „კიდევაც დაიზრდებიან“ ოფიციალურად გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
„კიდევაც დაიზრდებიან“-ის ოფიციალურ გახსნაზე მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტისთვის რეკრეაციული ზონების მოწყობა პრიორიტეტულია და მერია ქალაქში არსებული სხვა პარკებისა და სკვერების განახლებასაც აპირებს.
„კიდევაც დაიზრდებიან“-ის ტერიტორია ფუნქციურად რამდენიმე ზონადაა დაყოფილი. მოეწყო საბავშვო ზონა, შესაბამისი სათამაშო ბაქნებით, გასართობი სათამაშო ატრაქციონებით და ღია სპორტული ტრენაჟორებით. ძეგლის უკანა მხარეს მოეწყო დასასვენებელ-სარეკრეაციო ზონა, ღია ამფითეატრი, საფეხმავლო და ველო ბილიკები.
მარნეულში მონუმენტური ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“-ის რეაბილიტაციისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები შპს „ინტერტექნოლოგმა“ ორ ეტაპად, 1 092 328 ლარად შეასრულა.