ზუგდიდის ერთ-ერთ ქუჩას, შესაძლოა, მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭოს

749

“ლელომ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართა ინიციატივით, ზუგდიდის ერთ-ერთ ქუჩას მარო მაყაშვილის სახელი ეწოდოს. თავის მხრივ საკრებულოში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე მუშაობა დიდი ხნის წინ დაიწყეს და უკვე სრულდება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ქუჩის სახელდებასთან დაკავშირებით განცხადება „ლელოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენელმა თენგიზ ქოჩუამ შეიტანა. გარდა ამისა, პარტია ხელისუფლებას იმის გამო საყვედურობს, რომ ეროვნული გმირების სახელების უკვდავყოფა არ ხდება.

“გვინდა ამით ვუკვდავყოთ მარო მაყაშვილის სახელი. მომავალ თაობას უნდა დავუტოვოთ მათი სახელები და ისე არ მოვექცეთ ჩვენს მოახლეობას, ჩვენს ხალხს, რომ გავრილოვები შემოჰყავთ საქართველოში და ლავროვებს ეპატიჟებიან. ოკუპაციის მებრძოლების სახელებს კი ივიწყებენ“, – განაცხადა თენგიზ ქოჩუამ.

საკრებულოში აცხადებენ, რომ ზუგდიდის ერთ-ერთი ქუჩისთვის მარო მაყაშვილის სახელის მინიჭებაზე მუშაობა შესაბამისმა კომისიამ უკვე დაასრულა და მალე გაიტანენ კენჭისყრაზეც.

ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავა გაკვირვებულია თენგიზ ქოჩუას მხრიდან მსგავსი ინციატივის გაჟღერებით, რადგან მასთან ამ თემაზე ჰქონდა უკვე საუბარი და იცოდა, რომ საკრებულო ამ საკითხზე მუშაობს:

“საკრებულოს შესაბამისმა კომისიამ უკვე განიხილა ეს საკითხი და მარო მაყაშვილის სახელობის ქუჩა აუცილებლად ექნება ზუგდიდს. ტექნიკური დეტალია მხოლოდ დასაზუსტებელი“, – განაცხადა ირაკლი ლაგვილავამ.

„ლელოს“ ინფორმაციით, პარტიამ მსგავსი ინციატივით 13 თებერვალს ქუთაისის საკრებულოსაც მიმართა.

მარო მაყაშვილი საქართველოს ისტორიაში გამორჩეული ფიგურაა. წითელი არმიის შემოჭრის დღეებში, 19 წლის სტუდენტი ფრონტზე მოხალისედ წავიდა, წითელ ჯვარში მოწყალების დად ჩაეწერა. ის ყუმბარის ნამსხვრევმა იმსხვერპლა. ქართულმა საზოგადოებამ, რაც მაშინდელ პრესაშიც აისახა, მას ქართველი ჟანა დარკი უწოდეს. იგი გახდა პირველი ქალი, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.