ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის პროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ზუგდიდის ყინულის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობები არ უნდა განხორციელდეს. ამის შესახებ მათ გენგემის კონცეფციის საჯარო განხილვაზე განაცხადეს.
საპროექტო ჯგუფის წარმომადგენელმა ვაჟა კუხიანიძემ თქვა, რომ დადიანების ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობა უნდა განხორციელდეს მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით.
„გასაგებია, რომ იქ რაღაც ფინანსური დაინტერესებაა, ქალაქს სჭირდება ეს თანხა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს უფრო ფასეული ადგილია, ვიდრე თანხა, რასაც ქალაქი მიიღებს. ეს საკითხი ზუგდიდის მოსახლეობის ფართო ჩართულობით უნდა გადაწყვეტილიყო. მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, სასტუმრო უფრო მისაღები და მომგებიანია თუ არა. ასე უკეთესი იქნებოდა ამ პროცესის წარმართვა“, – აღნიშნა ვაჟა კუხიანიძემ.
საპროექტო ჯგუფის კიდევ ერთი წარმომადგენელი ანი მამულაშვილი ამბობს, რომ მისი აზრით ყინულის სახლის მიმდებარე ტერიტორია კარგი ადგილი იქნებოდა ფესტივალების მოსაწყობად.
„ეს ადგილი უკვე არასწორად განვითარდა მაშინ, როცა აშენდა იუსტიციის სახლი, რომელმაც ჩაკეტა ეს მოედანი და დადგა ზურგით ბოტანიკური ბაღის მიმართ. ასევე დაიდგა საცხოვრებელი შენობები. სასტუმროს პროექტი ნანახი მაქვს და ის არ ითვალისწინებს გრანდიოზულ შენობას. მთავარია ფუნქცია, არ იყოს ჩაკეტილი და იყოს საზოგადოებისთვის გახსნილი. რაც შეეხებაბა ტერიტორიას, ჩემი აზრით, ეს იქნებოდა კარგი საფესტივალო სივრცე. რაშიც იგულისხმება პავილიონები, ბაზრობები“, – განაცხადა ანი მამულაშვილმა.
ზუგდიდის მერიამ მოედნის მიმდებარე ტერიტორი ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიას მიჰყიდა. კომპანია 8 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიციის განხორციელებას და 80 ნომრიანი საერთაშორისო სტანდარტების ბრენდული სასტუმროს შენებას გეგმავს.
მიწის გაყიდვის ინიციატივას შარშან არაერთი საპროტესტო აქცია მოჰყვა. მიწის გასხვისების გადაწყვეტილება დაპირისპირებით დასრულდა ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზეც, სადაც სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო პლაკატები მიიტანეს.