აუდიტი: დუშეთის თვითმმართველობამ საკრებულოს არათანამდებობის პირებზე 158 800 ლარი დაუსაბუთებლად გასცა

1057

წინა სტატია

შემდეგი სტატია

დუშეთის თვითმმართველობამ საკრებულოს არათანამდებობის პირებზე 158 800 ლარი დაუსაბუთებლად გასცა, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

ამავე ანგარიშით ირკვევა, რომ 2017-2018 წლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტში საკრებულოს არაანაზღაურებადი წევრების ხარჯები გაიცემოდა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესით, რომლის მიხედვითაც, საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისათვის, საკრებულოს წევრებს (გარდა თანამდებობის პირებისა) ხარჯების ასანაზღაურებლად განესაზღვრათ ზღვრული მოცულობა, ყოველთვიურად 397 ლარი.

აუდიტის სამსახურისთვის წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს არაანაზღაურებად წევრებს 2017-2018 წლებში, ხარჯების ანაზღაურების სახით, მიღებული აქვთ სულ 158.8 ათასი ლარი.

“მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა საკრებულოს წევრების მიერ გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები. თანხების გაცემის საფუძველია მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები საკრებულოს წევრებისათვის ხარჯის ანაზღაურების შესახებ.

თავის მხრივ, საკრებულოს წევრები ხარჯების ასანაზღაურებლად ყოველთვიურ ინფორმაციას წარუდგენდნენ საკრებულოს აპარატის უფროსს, მათი აქტივობების შესახებ. აღნიშნული დოკუმენტები არ აკმაყოფილებს ხარჯის დამადასტურებელი პირველადი აღრიცხვის დოკუმენტის კრიტერიუმს”, – წერია ანგარიშში.

გარდა ამისა, აუდიტის ცნობით, ძირითად შემთხვევებში საკრებულოს წევრებზე ყოველთვიურად გაცემულია ფიქსირებული თანხა, ლიმიტის მაქსიმალური ოდენობა − 397.5 ლარი. რაც აუდიტის ინფორმაციით, ნაკლებად სარწმუნოა, რომ საკრებულოს წევრებს, რომლებიც წარმოადგენენ მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებს, ზუსტად იდენტური დანახარჯები ჰქონდეთ. ასევე, ნაკლებად სარწმუნოა ის გარემოებაც, რომ დანახარჯები ყოველთვიურად უცვლელია.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, დუშეთის მუნიციპალიტეტმა (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) 2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად 158.8 ათასი ლარი გასცა შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების გარეშე, საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ.

“აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ხარვეზი დაფიქსირებული იყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულ დუშეთის მუნიციპალიტეტის 2014-2015 წლების საფინანსო ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში. მიუხედავად ამისა, მერიის მიერ სათანადო რეაგირება განხორციელებული არ არის და დარღვევა კვლავ ფიქსირდება”, – ვითხულობთ აუდიტის დასკნაში.

აუდიტის სამსახური მიმართავს რეკომენდაციით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები აანაზღაუროს მხოლოდ შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში.

“მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და პრაქტიკა, სრულ შესაბამისობაში იყოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან. აღნიშნული უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის არაანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით დადგენილი პრინციპის დაცვას, ასევე, საბიუჯეტო სახსრების დასაბუთებულ ხარჯვას”, – წერია აუდიტის რეკომენდაციაში.