60 ლიტრიან ავზში ერთჯერადად ჩასხმული 110 ლიტრი საწვავი – აუდიტი დუშეთის მუნიციპალიტეტის გახარჯულ საწვავზე

1005

წინა სტატია

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, დუშეთის მუნიციპალიტეტს არ აქვს მიღებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ნორმატიული აქტი მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანების შესყიდვის წესის შესახებ. აუდიტის ცნობით, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დანერგილი საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით, საწვავის ხარჯვის მიზნობრიობის კონტროლი „აგაი“ სისტემის მეშვეობით ხორციელდება.

აღნიშნული სისტემის მეშვეობით საწვავი გამოიყენება მხოლოდ ავტორიზებულ ავტომანქანებზე და მინიმუმამდეა დაყვანილი არამიზნობრივი ხარჯვის რისკები, როგორიცაა საწვავის ჩასხმა არასამსახურებრივი დანიშნულებისათვის, არაავტორიზებულ ავტომანქანაში და სხვა.

აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში „აგაი“ სისტემა დამონტაჟებული იყო 2017 წელს სამსახურებრივ 6 ავტომობილსა და კერძო საკუთრებაში მყოფ 46 ავტომანქანაზე, ხოლო 2018 წელს მუნიციპალიტეტის კუთვნილ 5 ავტომობილსა და კერძო საკუთრებაში მყოფ 50 ავტომანქანაზე.

“წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, 2017-2018 წლებში ავტომანქანებზე გახარჯულია 243.4 ათასი ლარის ღირებულების 129.8 ტონა საწვავი. მათ შორის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხულ მანქანებში ჩასხმულია 63.5 ათასი ლარის ღირებულების 34.4 ტონა საწვავი, ხოლო კერძო საკუთრებაში მყოფ ავტომობილებში – 179.9 ათასი ლარის ღირებულების 95.4 ტონა საწვავი.

შვებულების პერიოდში გახარჯული საწვავი აღსანიშნავია, რომ 2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ 3 300 ლიტრამდე საწვავი გახარჯულია თანამშრომლების შვებულებაში ყოფნის დროს, მათ შორის 2 900 ლიტრამდე ჩასხმულია კერძო საკუთრებაში მყოფ ავტომობილებში, ხოლო 400 ლიტრამდე მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხულ განპიროვნებულ მანქანებში”, – ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.

როგორც აუდიტი წერს, საწვავის ჩასხმის ჯერადობები დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ წარდგენილი მონაცემების შესწავლის შედეგად გამოვლინდა ისეთი შემთხვევები, როდესაც ცალკეულ ავტომანქანაზე ერთი დღის განმავლობაში, მათ შორის, დროის მცირე ინტერვალში, საწვავი ჩასხმულია რამდენჯერმე და მათი ჯამური მოცულობა ავტორიზირებული ავტომანქანის საწვავის ავზის მოცულობას აღემატება.

“2017- 2018 წლებში გამოვლინდა 33 ასეთი შემთხვევა და ჩასხმული იქნა ჯამში 3 600 ლიტრი
საწვავი. მათ შორის, 13 შემთხვევაში სულ 6 ავტომობილში, რომელთა ავზების მოცულობა 55-60 ლიტრია, ერთჯერადად ჩასხმულია 100-110 ლიტრი საწვავი. ხოლო 20 შემთხვევაში სულ 5 ავტომობილში ერთი დღის განმავლობაში (მათ შორის დროის მცირე ინტერვალში) დაფიქსირდა საწვავის რამდენჯერმე ჩასხმა და ჩასხმული საწვავის მოცულობა ავზის მოცულობას აღემატება.

მაგალითად: აღნიშნული მონაცემები მიუთითებს, რომ ავტომანქანებზე, რომლებზეც ბრძანებით გამოიყოფოდა საწვავი, არ იყო სათანადოდ დამაგრებული „აგაი“ სისტემის ჩიპი და მისი გამოყენებით საწვავის ჩასხმა ხდებოდა სხვა ავტომანქანებშიც”, – წერია ანგარიშში.

აუდიტის ობიექტის განმარტებით აღნიშნული შემთხვევების ნაწილი გამოწვეული იყო პრაქტიკული საჭიროებებით. კერძოდ, კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის უახლოესი ავტოგასამართი სადგური მდებარეობდა ქ. მცხეთაში, საიდანაც დუშეთის მუნიციპალიტეტის ზოგიერთი ადმინისტრაციული ერთეული დაშორებულია 50-150 კმ-ით. შესაბამისად, აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, ვერ ახერხებდნენ ავტოგასამართ სადგურზე მათთვის გამოყოფილი საწვავის ჩასასხმელად თვეში რამდენჯერმე ჩამოსვლას. ამიტომ, საწვავს ასხამდნენ როგორც ავტომანქანის ავზში, ასევე, დამატებით ჭურჭელში, ჩიპის მოხსნის გზით.

“ავტორიზებულ მანქანაზე დამონტაჟებული „აგაი“ სისტემის ჩიპის მოხსნა ეწინააღმდეგება კონტროლის მიზნებს და ზრდის საწვავის არამიზნობრივი ხარჯვის რისკს. ამიტომ, მსგავს შემთხვევებში მერიამ უნდა უზრუნველყოს პროცესის სხვაგვარად ორგანიზება და შესაბამისი კონტროლების დანერგვა”, – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, დუშეთის მუნიციპალიტეტს არ აქვს მიღებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ნორმატიული აქტი მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის თაობაზე.

“აუდიტის ობიექტს არ გააჩნია რაციონალური მიდგომა მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებისას საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით. აუდიტის ჯგუფის მოსაზრებით, მუნიციპალიტეტმა რიგ შემთხვევაში ხარჯი გასწია საბიუჯეტო ასიგნებების ეკონომიური და რაციონალური ხარჯვის ვალდებულების დაცვის გარეშე”, – ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

აუდიტის სამსახური მიმართავს რეკომენდაციით დუშეთის მუნიციპალიტეტეის საკრებულოს, მერიასთან შეთანხმებით, გონივრულობის პრინციპის გათვალისწინებით, შეიმუშაოს წესი მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის შესახებ, ასევე, საწვავის განაწილებისა და ხარჯვის შესახებ, რომელიც მიზანშეწონილია დაფუძნებული იყოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ პრინციპებზე.

“მერიამ დააწესოს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს საწვავის არარაციონალური და არასამსახურებრივი მიზნებისათვის გამოყენების თავიდან აცილებას. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა შეისწავლოს საწვავის ხარჯვის საკითხი და გაატაროს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები პასუხისმგებელი პირების მიმართ”, – წერია აუდიტის რეკომენდაციაში.