საყოველთაო ჯანდაცვის სტაციონარული კომპონენტის ფარგლებში მომსახურების მიმწოდებლებს 2023 წლის 1-ელი იანვრიდან უჩნდებათ ვალდებულება, უზრუნველყონ სამედიცინო პერსონალის, პირველ რიგში ექიმებისა და ექთნების შრომის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება., – ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს განმარტებით, 2023 წლის პირველი იანვრიდან ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით, თვეში კი საშუალოდ 1260 ლარით, ხოლო ექთნების შემთხვევაში საათში 4,4 ლარით, თვეში კი საშუალოდ 792 ლარით განისაზღვრება.
ამასთან, სამინისტროს განმარტებით, ამჟამად 9 ათასამდე ექიმი იღებს მინიმალურ ანაზღაურებაზე ნაკლებ ხელფასს და ექთნების შემთხვევაში ეს რაოდენობა დაახლოებით 8 ათასზე მეტია.
ასევე ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, მინიმალური საათობრივი ანაზღაურება წლების განმავლობაში მზარდი იქნება და 2025 წლისთვის ექიმისთვის 9 ლარით, ხოლო ექთნისთვის – 5,6 ლარით განისაზღვრება.